ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-15

„უნივერსიტეტის თეატრი - 100“

„უნივერსიტეტის თეატრი - 100“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „უნივერსიტეტის თეატრი - 100“ გაიხსნა. გამოფენას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,  მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა წლებში დასის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები.   
 
"იშვიათია უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია ასწლოვანი თეატრალური დასი. უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჯერ შეიქმნა სუტდენტური წრე, მერე ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. სტუდენტური თეატრი დღეასაც აქტიურია; უამრავი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულია, თითქმის ყოველ წელს გვანებივრებენ მიღწევებით და კარგია, რომ ასწლოვანი ტრადიცია გრძელდება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.

„უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის ისტორია  1918 წლიდან იწყება. პირველივე სასწავლო წელს სტუდენტებმა დაიწყეს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველი წარმოდგენები დაკავშირებული იყო სტუდენტთა საქველმოქმედო საქმიანობასთან. დღესაც აგრძელებს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრი არსებობას. გამოფენაზე, ფოტოების მეშვეობით ლაკონურად არის წარმოდგენლი ის ასწლოვანი ისტორია, რომელიც ჩვენმა თეატრმა განვლო,“ - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, 80-იან წლებში სტუდენტური თეატრის მხატვარმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან მალევე ჩამოყალიბდა სტუდენტური შემოქმედებითი წრეები, რამაც საფუძველი ჩაუყარა სტუდენტურ დასს. 1918 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა თეატრალური სტუდია, რომლის საფუძველზეც, მომდევნო წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი, რეჟისორად ალექსანდრე წუწუნავა მოიწვიეს. 1918 წლის მაისში უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი „კულტურული ღონისძიება“ მე-20 საუკუნეში გამოჩენილი მსახიობის ვიქტორ გამყრელიძის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე იყო. უნივერსიტეტი ასევე გამოეხმაურა მსახიობ ნინო ჩხეიძის 25 წლის იუბილეს. 1919 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ქართული მუსიკის კათედრა, ლექტორად კი იმ დროს უკვე ძალიან ცნობილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ავტორი კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი მიიწვიეს. თსუ დასის სპექტაკლებს მუსიკალურად, სწორედ, კოტე ფოცხვერაშვილი აფორმებდა. 

სხვა ექსპონატებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია კოტე ფოცხვერაშვილის პირადი ნივთები და მასალები საოჯახო არქივიდან. მათ შორის: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის „დიდებას“ პირველი გამოცემა, 1918 წელს ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით გამართული კონცერტებისა და საღამოების პროგრამები, მისი პირადი საკუთრება - სახარება „დავითნი“, დაირა. გამოფენის გახსნას დაესწრო კოტე ფოცხვერაშვილის შვილიშვილი ცირა ბერიძე. მისი თქმით, უნივერსიტეტის თეატრალურ დასში  თამაშობდნენ დედამისი - ნათელა ფოცხვერაშვილი, ასევე ბიძა ზაქარია ჩლაიძე და პეტრე გრუზინსკი.

ამჟამად, თსუ-ში მოქმედებს სტუდენტური თეატრი „სხვენი“, რომელიც მთლიანად თსუ სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. სტუდენტური თეატრი სპექტაკლებს მართავს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე მონაწილეობს საერთაშორისო  ფესტივალებში.

სტუდენტური თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თსუ რექტორმა უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა სტუდენტური თეატრის „სხვენის“ რეჟისორი გიორგი გომურაშვილი და სტუდენტური თეატრის რეჟისორი 80-იან წლებში - დალი კალატოზიშვილი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალა დაცულია თსუ ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.   

გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.




Print

« იხ. ყველა სიახლე