ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „მედეა, ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება“ გაიხსნა. კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ქალის ფსიქიკის ყველაზე სიღრმისეული ფენები ოჯახთან, შვილებთან, სიყვარულთან, სამშობლოსთან და მოვალეობებთან მისი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით. კონფერენციაზე ეს საკითხი უძველესი სამყაროს კულტურული ფენომენის, ოქროს საწმისის მითის პერსონაჟის, მედეას სახის არაცნობიერი განზომილებების კვლევების საფუძველზე განიხილება.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
თამარ გაგოშიძე, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი ხათუნა ივანიშვილი, ქართველი და უცხოელი ფსიქოანალიტიკოსები ესწრებოდნენ.
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის თამარ გაგოშიძის თქმით, მსგავსი ფსიქოანალიტიკური კვლევები ერთი პერიოდი მიძინებული იყო და კარგია, რომ დღეს ისევ ტარდება.
„კონფერენცია საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ასოციაციის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა და ის, პირველ რიგში, ჩვენს არაცნობიერს ეხება, იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ გვაიძულებს ეს არაცნობიერი ვიმოქმედოთ, რა მექანიზმებია. ასპექტები: დედობა, მეუღლეობა, პარტნიორობა, მიგრაცია, ტრავმატული გამოცდილება - ასეთი მოვლენების შესწავლას და იმ ადამიანებზე დახმარებას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს სერიოზული პრობლემები, ისახავს მიზნად სწორედ ეს კონფერენცია,“ - აღნიშნა დეკანმა.
საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრის
ხათუნა ივანიშვილის განცხადებით, კონფერენცია საქართველოში ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი კონფერენციის მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ ამდენი ფსიქოანალიტიკოსი საქართველოში არ შეკრებილა ძალიან დიდი ხანია. ეს არის დიდი ფორუმი, რომელიც ძალიან გაამდიდრებს ქართულ ფსიქოლოგიას, ფსიქოთერაპიას და მე იმედი მაქვს, რომ უცხოელი კოლეგები ბევრს წაიღებენ აქედან,“ - განაცხადა ხათუნა ივანიშვილმა.
საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ორგანიზაციის ქალები და ფსიქოანალიზი პრეზიდენტის
გერტრუდა შლეზინგერის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია ქალსა და მამაკაცს, ქალსა და ბავშვს შორის ურთიერთობების გაძლიერება.
„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოანალიტიკის გავრცელება, რათა ამ მიმართულებით სწავლაში, ტრენინგებზე სიარულში ახალგაზრდა ქალებს მხარი დავუჭიროთ. უნდა მოხდეს ქალთა მდგომარეობის ფოკუსირება საქართველოსა და მის მსგავს ქვეყნებში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ღია ფსიქოანალიტიკური საუბრები ქალთა საკითხებზე. ცხადია, მხოლოდ ქალი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის პირველი კონფერენცია, ჩვენ გვექნება კიდევ მეტი კონფერენციები აღმოსავლეთ ევროპაში,“ - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.
გერმანელმა ფსიქოანალიტიკოსმა
მარიანა ლეიზინგერ ბოჰლებერმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია პროდუქტიული იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტარდება ეს კონფერენცია, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით მედეა, რომელიც აღმოსავლეთ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. ნამდვილად მშვენიერია, რომ ჩვენ ჩამოვედით აქ საქართველოში, საიდანაც მედეა მოდის და ჩვენ ვხვდებით აქაურ კოლეგებს. უნივერსიტეტში ვხვდებით ახალ თაობას და გვაქვს მსჯელობის შესაძლებლობა,“ - აღნიშნა ფსიქოანალიტიკოსმა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა 15 გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსი, ასევე გაიმართა ვორქშოფები და კლინიკური შემთხვევების განხილვა და რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმის -“ნამე” ჩვენება და განხილვა, ასევე პერფორმანსი - "ცოცხალი ხელოვნება“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ფსიქოთერაპევტები და სტუდენტები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ხორვატიიდან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან.
მსგავსი მასშტაბის პროექტი, რომელიც არაცნობიერის შესწავლას ეძღვნება, საქართველოში არ ჩატარებულა 1979 წლის შემდეგ.
კონფერენციის პარტნიორები არიან: IPA საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კომიტეტი - ქალები და ფსიქოანალიზი; საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.