ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რითაც გახანგრძლივდა აქამდე მოქმედი შეთანხმების ვადა.
მემორანდუმს ხელი ელექტრონულად მოაწერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა
ხათუნა
კასრაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარები გააგრძელებენ თანამშრომლობას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც მიმართულია კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობის და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობისკენ. მხარეები ერთობლივად განახორციელებენ სასწავლო პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს, თემატურ სემინარებს, კონფერენციებს, დისკუსიებსა და ტრენინგებს.
თსუ-სთან აქამდე არსებული მემორანდუმის ფარგლებში, ცენტრი წარმატებით ახორციელებდა სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტებს, მათ შორის, სამართლის კლინიკას, რომელიც კვლავ გაგრძელდება. სამართლის კლინიკის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტთა უზრუნველყოფა ტრენერის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებისა და განვითარების შესაძლებლობით.