ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „სამედიცინო ინოვაციების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და „სამედიცინო მეცნიერებათა ინოვაციების აკადემიის“ წარმოდგენილმა, გამგეობის თავმჯდომარემ
ალფონსო ჯოვანი რეკორდარემ მოაწერეს.
ხელშეკრულების საფუძველზე თსუ-ს ბაზაზე ევროპული სტანდარტების მაღალტექნოლოგიური ქირურგიული საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება, რომელიც საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს, ქირურგებს, მკვლევრებს, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა ექსპერიმენტულ ქირურგიაში.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის განცხადებით, იტალიელ პარტნიორებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება მედიცინის სფეროს წარმომადგენლების მომზადება და გადამზადება.
„დღეს სამედიცინო ინოვაციების აკადემიასთან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, იტალიელ პარტნიორებთან ერთად მსგავსი თანამშრომლობა უნივერსიტეტისთვის ახალი და ძალიან კარგი მიმართულებაა“,-აღნიშნა თსუ რექტორმა.
„სამედიცინო ინოვაციების აკადემიასა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული ქირურგიის სასწავლო ცენტრის შექმნას და ხანგრძლივ თანამშრომლობას, იმედია, ამ ცენტრში ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს, სამეცნიერო წინადადებებს ჩაეყრება საფუძველი, რასაც ითვალისწინებს ექსპერიმენტული ქირურგია,“ - განაცხადა თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა
თამარ რუხაძემ.
ხელშეკრულების თანახმად, თსუ და „სამედიცინო მეცნიერებათა ინოვაციების აკადემია“ განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს. სამედიცინო ბაზის სამედიცინო ტექნიკურ აღჭურვას და ტრენინგებს უზრუნველყოფს იტალიური მხარე.