ივანე ჯავახიშვილის სახელობობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით:
-სამეცნიერო სტილი, მისი მოთხოვნები, მახასიათებლები და ენობრივი საშუალებები;
-საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები;
-რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?
-Turnitin-ის გამოყენება.
4-5 მაისს ტრენინგებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის 16 სტუდენტი დაესწრო.
ტრენინგები ხორციელდება ერასმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან - ერთად თორმეტი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც არიან.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოორდიანციას თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უწევს.
2018 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამსახურმა ტრენინგების 4 ციკლი განახორციელა. მასში ჩართული არიან უნივერსიტეტის სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკები: უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლებმაც ინიციატივის მდგრადობის უზრუნველსაყოფად სტუდენტებისთვის აღნიშნული სერვისის უწყვეტი მიწოდება უნდა უზრუნველყონ.