ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-23

თსუ რექტორის არჩევნებში გიორგი შარვაშიძემ გაიმარჯვა

თსუ რექტორის არჩევნებში გიორგი შარვაშიძემ გაიმარჯვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძე აირჩია. თსუ რექტორის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის თქმით, ,, 36 ამომრჩევლიდან არჩევნებში აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგად გიორგი ბარამიძემ მიიღო ამომრჩეველთა 6 ხმა, ცირა ბარამიძემ - 5, ხოლო გიორგი შარვაშიძემ 21 ხმა. 4 ბიულეტენი კი გაბათილდა’’. არჩევნებს 2 არასამთავრობო ორგანიზაცია (სამოქალაქო საზოგადოების განათლების ცენტრი და ახალგაზრდა ადვოკატები) და 6 დამკვირვებელი ესწრებოდა. აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება ცნო, რის შემდგომაც გიორგი შარვაშიძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიურ საბჭოს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც წარვადგინე აკადემიურ საბჭოზე. ეს ეხება მეცნიერების განვითარებას, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებასა და საერთოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის იმიჯის ამაღლებას," - განაცხადა თსუ-ს ახლადარჩეულმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ს ყოფილმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ გიორგი შარვაშიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით 30-ე რექტორი გახდა.

30 მარტს თსუ აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ-ს ყოფილი რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადება გადადგომის შესახებ. 20 აპრილიდან რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულდებდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე