ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
როს იულსონი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებს შეხვდნენ.
პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და, ზოგადად, ახალგაზრდობის ინფორმირება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მავნებლობის შესახებ.
თსუ რექტორის მოადგილის
ალექსანდრე ცისკარიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარების გზებისა და საშუალებების პოპულარიზაციას, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დიალოგის ეფექტიანად წარმართვას.
„ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებს ესაუბრონ იმ უდიდესი ზიანის შესახებ, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარება იწვევს. საქართველოშიც ძალიან სერიოზულ პრობლემად აღვიქვამთ ნარკოტიკების მოხმარებას. ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და პირველ რიგში, ეს ეხება პრევენციულ ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის
როს უილსონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს წარმატებულ მომავალს.
„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ჯანმრთელი ცხოვრებისა და ნარკოტიკების არ გამოყენებისაკენ მოვუწოდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი განვითარებისათვის,“ - აღნიშნა როს უილსონმა.
სანდრო მარანელი თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. მისი თქმით, ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.
„დღევანდელ დღეს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ნამდვილად არსებობს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს, რათა შემდგომში გართულებები ავირიდოთ თავიდან,“ - აღნიშნა სტუდენტმა.
შეხვედრა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს, აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.