ესთეტიური სტომატოლოგია და მისი ინტეგრაცია კომპლექსურ ორთოპედიაში, ფრონტალური პერი-იმპლანტური რბილი ქსოვილები: ორთოპედიული მენეჯმენტი - ეს საკითხები განიხილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - "ფოკუსირება ესთეტიკაზე."
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით,
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს ორთოდონტიასა და სტომატოლოგიის დარგში. ამ მიმართულების პირველი კათედრა 1922 წელს გაიხსნა უნივერსიტეტში და საფუძველი ჩაეყარა ქართულ სტომატოლოგიას. ბევრი კარგი სტომატოლოგი დაკავშირებულია ჩვენს უნივერსიტეტთან. დღესაც, თსუ კურსდამთავრებულის მარიამ მარგველაშვილის მოხსენება მოვისმინეთ, რომელიც პირველი იყო მათ შორის, ვინც აღიარება მოიპოვა ამერიკაში. ძალიან კარგი ტრადიციაა, როცა კურსდამთავრებულები ბრუნდებიან ალმა მატერში და უზიარებენ გამოცდილებას კოლეგებს, არამხოლოდ თსუ-დან, არამედ მთელი ქვეყნიდან.“
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ამერიკის ორთოპედთა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი
კენეთ ა. მალამენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მარიამ მარგველაშვილი, ასევე სხვა ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები.
„სამეცნიერო კონფერენცია ხელს უწყობს ჩვენს სფეროში განსხვავებული სტანდარტებისა და შესაძლებლობების გაცნობას. აქ საერთაშორისო დონეზე არსებული ცოდნის შეკრება-გაზიარება ხდება სპეციფიკურ საკითხებზე. აშშ-სა და ევროპაში, განსაკუთრებით, გერმანიასა და შვეიცარიაში არსებული ორთოპედიული სტომატოლოგიის პროგრამები საკმაოდ განვითარებულია და უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მათ შორის არის კომპლექსური, რთული შემთხვევები, რომელიც მოიცავს ქირურგიულ და ლაბორატორიულ კომპონენტს. ყველა ქვეყანას გასხვავებული სტანდარტი აქვს, სწორედ ამ სტანდარტებს ვეცნობით კონფერენციაზე. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ლექტორებისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის,“- აღნიშნა ამერიკის ორთოპედთა აკადემიის პრეზიდენტმა პროფესორმა
კენეთ მალამენტმა.
„თსუ პიონერია საქართველოში სტომატოლოგიური განათლების. ესთეტიური ხასიათის ჩვენებები და მოთხოვნები ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წინ წამოვიდა. კონფერენციაზე მოვიწვიეთ ძალიან ცნობილი სპიკერები აშშ-დან. მათი მოხსენებები ორიენტირებულია ესთეტიური ხასიათის პრობლემებზე, რაც ყოველთვის ახასიათებს სტომატოლოგიურ მკურნალობას და იმედია, რომ იმ ინფორმაციას, რასაც ისინი მიაწვდიან ქართველ და არამარტო ქართველ ექიმებსა და სტუდენტებს, გამოიყენებენ პრაქტიკაში. ამით ამაღლდება ქართველი მოსახლეობის სტომატოლოგიური დახმარების ხარისხი, როგორც ესთეტიური, ისე ფუნქციონალური კუთხით,“ - განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა
მამუკა მარგველაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.