2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის სამ ფინალისტს შორის ორი თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ გამარჯვებულია.
ბექა ადამაშვილი და ივა ფეზუაშვილი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელის გამოსავლენად შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ საკონკურსოდ საქართველოდან შემოსულ 9 ავტორს შორის შეარჩია.
კონკურსი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან.
გამარჯვებული კონკურსში მონაწილე თოთხმეტივე ქვეყანაში 15 აპრილს გამოვლინდება და მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოიცემა ინგლისურად და ფრანგულად და გამოქვეყნდება ერთ კრებულად.