აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა. თსუ რექტორის არჩევნებზე რეგისტრირებული 13 კანდიდატიდან 10 ხმა ვლადიმერ პაპავამ, ხოლო 2 ხმა ირმა რატიანმა მიიღო. აკადემიური საბჭოს თვმჯდომარეს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კვიტაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თსუ ასოცირებული პროფესორის
დავით ბოსტოღანაშვილის განცხადებით,
„არჩევნები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე ჩატარდა, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, არ დაფიქსირებულა არც ერთი საჩივარი. არჩევნებს 9 არასამთავრობო ორგანიზაციის 13 დამკვირვებელი ესწრებოდა. 13 ამომჩევლიდან არჩევნებში აკადემიური საბჭოს თორმეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე კვიტაშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.“
„ამ არჩევნებით უნივერსიტეტმა აჩვენა ის სტანდარტი, როგორიც უნდა იყოს არჩევნები ქვეყანაში. რექტორის არჩევნები იყო დემოკრატიული და ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი. ვულოცავ თსუ-ს ამ არჩევნებს და ღირსეული კანდიდატის გამარჯვებას“ - აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა
ალექსანდრე შენგელიამ.
ვლადიმერ პაპავას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
ალექსანდრე კვიტაშვილმა: „
ვულოცავ ვლადიმერ პაპავას უნივერსიტეტის რექტორობას. ადრეც განვაცხადე, რომ ვითანამშრომლებდი ნებისმიერ კანდიდატთან, რომელსაც აკადემიური საბჭო აირჩევდა. უნივერსიტეტის ისტორიაში ალბათ პირველად მოხდება საქმეების ცივილიზებულად გადაბარება. ამ შემთხვევაში ბატონ ლადოს უფრო გაუადვილდება ამ ფუნქციის შესრულება.“
არჩევნების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა თსუ ახალმა რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ:
„თუ გამარჯვებას არ ელოდები, ბუნებრივია არჩევნებში არ მონაწილეობ. მეც სწორედ ამ განწყობით ვიყავი. რა თქმა უნდა არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ასეთ დიდ უპირატესობას მომცემდა აკადემიური საბჭო, ეს არის ძალიან დიდი ნდობა გამოცხადებული აკადემიური საბჭოს მიერ, მთლიანად უნივერსიტეტის მიერ. ამოცანები ძალიან ბევრია და ეტაპობრივად ყველა უნდა გადაწყდეს. მთავარი კი ის არის, რომ უნივერსიტეტი იყოს საერთაშორისო დონის და დაიბრუნოს თავისი ღირსეული სახელი. ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი: პირველ რიგში, უნივერსიტეტმა სტუდენტს უნდა მისცეს საერთაშორისო დონის ცოდნა და ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი, უნივერსიტეტში უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო კვლევა და სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო შემოქმედებაში.“
თსუ ყოფილმა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით 12 ივნისს მიმართა. აკადემიურმა საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ახალი რექტორის არჩევნებამდე სანდრო კვიტაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც 13 კანდიდატი მონაწილეობდა.