ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-21

პერსონალის საერთაშორისო კვირეული თსუ-ში

პერსონალის საერთაშორისო კვირეული თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელშიც ევროპის 10 ქვეყნის 20 უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კვირეული UNESCO-ს ეგიდით და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინირებით იმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე, ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში მეორედ ტარდება ასეთი რანგის შეხვედრა. 150 უნივერსიტეტი არის ჩვენი პარტნიორი მარტო ევროპის მასშტაბით, 121 პროექტი განხორციელდა ერაზმუს+ ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი სტუდენტია ჩართული მობილობის სქემებში. მათ აქვთ საშუალება, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება და შემდეგ დაუბრუნდნენ თავის ალმამატერს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.“

„ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩამოვიდნენ ჩვენს უნივერსიტეტში და უშუალო შეხება ჰქონდათ ქართველ სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ადმინსიტრაციულ პერსონალთან. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის ინტერნაციონალიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.

ერასმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორის ლიკა ღლონტის განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაზე წარმატებული სასწავლებელია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერასმუს+ პროგრამის კონტექსტში - სტიპენდიების, პროექტების რაოდენობის მხრივ. იმედი გვაქვს, რომ კვირეული ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.“

„ესპანეთი, უფრო კონკრეტულად კი კორუნას უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაღრმავებას,“- აღნიშნა კორუნას უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა პამპინიმ.    
 
კვირეულის მიზანია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდა და კონტაქტების გაღრმავება.






Print

« იხ. ყველა სიახლე