ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ენციკლოპედიაში, როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე სამეცნიერო წრეებისთვის 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ აქამდე უცნობი მასალებია თავმოყრილი.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, ენციკლოპედია საბჭოთა ისტორიოგრაფიის კლიშეებს ამსხვრევს.
„ძალიან საინტერესო ნაშრომია, რომელიც ჩვენი ისტორიკოსების შესრულებულია. ამ საქმიანობაში ინტენსიურად იყო ჩართული ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი, რაც სასიხარულო ფაქტია,“ - განაცხადა თსუ რექტორმა. გიორგი შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთიდან ჩამოვა არქივი, რომელიც პირველი რესპუბლიკის პერიოდის კიდევ ბევრ სამეცნიერო ფაქტს გადააფასებს.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გამოცემის მთავარი რედაქტორის
ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ენციკლოპედიის შექმნაში 30-ზე მეტი ავტორი იყო ჩართული:
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს გახლავთ ორწლიანი შრომის ნაყოფი. მის შექმნაში ძირითადად უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი იღებდა მონაწილეობას. ენციკლოპედია იმ ვაკუუმს ავსებს, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში აქამდე არსებობდა.“
გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორის, თსუ ასოცირებული პროფესორის
დიმიტრი შველიძის თქმით, მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ხალხის მტრების კონტექსტში იწერებოდა:
„ბოლო პერიოდში, ქართულმა ისტორიოგრაფიამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ - ჩამოყალიბდა ისტორიოგრაფიის ახალი სკოლა, სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე შესაძლებელი გახდა შესწავლილიყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. შეიქმნა უმნიშვნელოვანესი ნაშრომი - ენციკლოპედია-ლექსიკონი.“
გამოცემაში წარმოდგენილია 940-მდე საენციკლოპედიო სტატია - საქართველოს დემოკრატიული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრების, დიპლომატიური წარმომადგენლების, სამხედრო პირების, საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი პოლიტიკოსების, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, რესპუბლიკის კანონების, რეფორმების, მოვლენების შესახებ.
ენციკლოპედია-ლექსიკონის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის თანამშრომლები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები, უნივერსიტეტის გარეთ მომუშავე მკვლევრები.