ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-23

წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი თსუ-ში

წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი თსუ-ში
„თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ქიმიკოსი, ქართველი კათოლიკე პეტრე მელიქიშვილი, რომელიც ამ უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს, დასტურია იმ როლისა, რომელიც ქართველმა კათოლიკეებმა საქართველოს ისტორიაში ითამაშეს,“ - განაცხადა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას. არქიეპისკოპოსმა კავკასიის რეგიონში ვატიკანის დიპლომატიისა და მშვიდობის საკითხებზე თსუ-ში კონფერენცია გამართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე და წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სხვადასხვა კონფესიების, რელიგიათა საბჭოს, საპატრიარქოს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე - „წმინდა საყდრის დიპლომატიური ჩართულობა კავკასიაში მშვიდობისა და ადამიანის ღირსების ხელშეწყობის მიზნით”, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ვატიკანის საერთაშორისო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ წმინდა საყდარი მხარს უჭერს ისეთ დიპლომატიას, რომელიც ადამიანებს შორის სოლიდარობას ამყარებს. კონფერენციაზე წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა თსუ სტუდენტების კითხვებს უპასუხა, რომელიც ადამიანის უფლებებს, საემიგრაციო პოლიტიკას, ტრეფიკინგს, ძალდატანებით ქორწინებასა და ეთნოკონფლიქტების მოგვარების საქმეში რელიგიის როლს ეხებოდა.

თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. „ვატიკანის როლი ძალიან დიდია მსოფლიო კულტურულ, ჰუმანიტარულ და, გარკვეულწილად,  პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ამიტომ არქიეპისკოპოსის ჩამოსვლა საქართველოში გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერაცაა. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ლექცია, რომელიც არქიეპისკოპოსმა წაიკითხა, პრაქტიკულად ეხებოდა ყველა ასპექტს, მათ შორის ადამიანის უფლებებს. ციკლი შეხვედრებისა, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, გრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვსტუმრობენ ძალიან საინტერესო სტუმრები, რომლებიც დიდ კვალს ტოვებენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში,“ - აღნიშნა რექტორის მოადგილემ.  
 
არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის განცხადებით, საქართველოსა და ვატიკანის თანამშრომლობა არის მისი საქართველოში ვიზიტის მიზეზი. „ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. უნდა გავცვალოთ ინფორმაცია, აზრები. მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში არის კონფლიქტები ხალხებს, დაჯგუფებებს, კულტურებს შორის. ჩვენ გვსურს წავახალისოთ დიალოგი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ იყვნენ ინიციატივებიანები და მამაცები. საქართველოში მძიმე ვითარება იყო, ქვეყანას კი წინსვლა სურდა, ნათელი მომავლის შექმნა თავისი ხალხისა და მომავალი თაობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგრძელდება,“ - განაცხადა არქიეპისკოპოსმა.
   



Print

« იხ. ყველა სიახლე