ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა დასაქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრის დირექტორმა გიორგი ხელაშვილმა მოაწერეს.
თანამშრომლობის მიზანია მხარეებმა ერთობლივი მიზანმიმართული საქმიანობა განახორციელონ ევროპასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის, ევროპული ღირებულებების გავრცელების, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამჭვირვალეობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით, ასევე, სამართლებრივ დონეზე საჯაროობის პრინციპების განმტკიცებისა და საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების ჩართულობის კუთხით.
მემორანდუმი ოთხი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობის განხორციელებას ითვალისწინებს: ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; სამართლებრივი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან დაახლოებაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში; თანამშორმლობის პროექტები და ანტი–დასავლური პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად მუშაობის გაძლიერება; სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და მათი ჩართულობის გაზრდა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის, ასევე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, მემორანდუმით გაფართოვდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის 2011 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და კვლევითი ცენტრი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტროდა სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს სხვადასხვა პრაქტიკულ პროექტში მონაწილეობას, ასევე, სტაჟირებას შესთავაზებენ.