სასწავლო წიგნის „სანივთო სამართალი“ ავტორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია. „ჩემი ავტორობით გამოიცა - „სანივთო სამართალის“ სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, რომელიც სამოქალაქო სამართლის უმნიშვნელოვანეს ქვედარგს - სანივთო სამართალს ეხება. წიგნში სანივთო სამართლის ფუნდამენტური ცნებებია განხილული, ისეთები, როგორიცაა ქონების ცნება, რომელიც სანივთო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური ცნებაა და დღემდე სამართლის სხვადასხვა სისტემაში კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის შედეგად ფორმირდება. შემდგომი ნაწილები ნივთებთან ადამიანის ურთიერთობის სამართალია, ფაქტობრივი ურთიერთობები - მფლობელობის სახით და სამართლებრივი ურთიერთობები საკუთრების სახით. სასწავლო წიგნი თემატურად კოდექსის სისტემას მიჰყვება და შემდგომი ნაწილები ეხება სამეზობლო ურთიერთობების, მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრებისა და სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებებს. წიგნი დაიწერა სტუდენტებისთვის. მასში ბევრი მაგალითია შესული როგორც გერმანული, ისე ფრანგული სასამართლო პრაქტიკიდან, რომელიც ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროშია. ძალიან მნიშვნელოვანია იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ჟურნალი - „კერძო სამართლის მიმოხილვა“, რომელშიც მკითხველი ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტების სტატიებს იხილავს სამართლის მნიშვნელოვან პრობლემებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებებზე. თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი მართლაც გამოირჩევა აკადემიური აქტივობით, რაც უდავოდ მისასალმებელია და ეს გამოცემა ამის კიდევ ერთი კარგი დადასტურებაა,”-განაცხადა
თამარ ზარანდიამ.
„თამარ ზარანდიას წიგნი „სანივთო სამართალი“ არის უაღრესად მაღალი დონისა და მაღალი აკადემიური ენით დაწერილი სახელმძღვანელო. ის მოიცავს თითქმის ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დღეს სჭირდებათ ჩვენს სტუდენტებს. ამავე დროს, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მეორე გამოცემა. ამ ნომერში ოცამდე ავტორის სტატიაა თავმოყრილი, რომელიც ეხება ძალიან აქტუალურ თემებს. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებას, მის გავლენას ქართულ სამართალზე,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა
ბესარიონ ზოიძემ.
ღონისძიებას თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.