ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-30

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ულოცავს მთლიანად საქართველოს და მის მოქალაქეებს ისტორიულ ფაქტს - საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.

ქართველი ხალხი მუდამ მიისწრაფოდა ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობებისკენ მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე. სწორედ ამიტომ არის ისტორიული დღე 2014 წლის 27 ივნისი საქართველოსთვის. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ საქართველოს ევროპული არჩევანი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა და ქვეყნის ევროპული მომავალი განამტკიცა. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს კეთილდღეობის, დემოკრატიული განვითარების, პოლიტიკური და ფინანსური სტაბილურობის მყარ პირობებს ქმნის. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლიტიკური ნება - დაიცვას ადამიანის უფლებები, განამტკიცოს კანონის უზენაესობა, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას. ამ მიზნების განხორციელებაში განსაკუთრებული და გადამწყვეტი როლი ენიჭება განათლებას და მეცნიერებას. სწორედ ევროპული არჩევანი შეუწყობს ხელს განათლების და მეცნიერების სფეროში დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი რეგიონში, კვლავ გააგრძელებს ჯერ კიდევ საუკუნის წინ ქართული სახელმწიფოს წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას - ხელი შეუწყოს პროგრესული იდეების დამკვიდრებას საქართველოში.

30.06.2014

Print

« იხ. ყველა სიახლე