ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტელი პოეტის
ლია სტურუას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტი დამსწრე აუდიტორიას განვლილ პროფესიულ გზაზე ესაუბრა და საკუთარი ლექსები წაუკითხა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ კურსდამთავრებული, პოეტი ლია სტურუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, სხვადასხვა პოეტებთან შეხვედრები უნივერსიტეტში მომავალშიც გაგრძელდება.
„უნივერსიტეტში ჩვენს კურსდამთავრებულებთან შეხვედრების ციკლი გვაქვს, ეს მეორე შეხვედრაა. ლია სტურუას პოეზიას პოპულარიზაცია არ სჭირდება, თუმცა, დღეს მას ვმასპინძლობთ, რაც ძალიან სასიხარულოა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
ლია სტურუას თქმით, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ზოგადად, პოეზიის საღამოები აღარ მიყვარს, მაგრამ უნივერსიტეტი ჩემი სამშობლოა - აქ ვისწავლე, აქ დავამთავრე, აქ ვმუშაობდი 25 წლის მანძილზე. რაც არ უნდა თქვან დღევანდელ ახალგაზრდებზე, მე ისინი ძალიან მიყვარს. ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერები და კარგები არიან, სხვაგან შეხვედრაზე შეიძლება უარი მეთქვა, მაგრამ მათთან არა,“ - აღნიშნა პოეტმა.
ლია სტურუამ პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში”, 1962 წელს გამოსცა. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული – ,,ბედნიერი სიჩუმე”, ,,რძეში ჩავარდნილი ქვა” (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ ლია სტურუაზე ფილმი გადაიღო.