ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-25

ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია

ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეებთან დაკავშირებით ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია გამართეს.

ალბომში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის ნოე ჟორდანიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები და წერილები.
   
ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, ნოე ჟორდანაის შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.   

ალბომის ავტორის, თსუ ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ირემაძის თქმით, ალბომში ასახულია ნოე ჟორდანიას პოლიტიკური საქმიანობა რესპუბლიკამდე და რესპუბლიკის პერიოდში. „ძირითადად წარმოდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული ბრძანებები და მოხსენებები, ასევე მისი პოლიტიკური საქმიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები.  ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულენოვან მკითხველებს ამ ალბომის საშუალებით შეუძლიათ გაეცნონ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ბიოგრაფიას და მის პოლიტიკურ საქმიანობას,“ - აღნიშნა ალბომის ერთ-ერთმა ავტორმა.

ნოე ჟორდანიას შვილის რეჯებ ჟორდანიას თქმით, ძალიან დიდხანს საქართველო აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა იმ ხალხს, ვინც დამოუკიდებლობა მოიპოვა არავინ ახსენებდა. “ძალიან მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ, უნივერსიტეტში დიდი ფასეულობის მქონე წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც მამაჩემს ნოე ჟორდანიას ეხება. ამ საკითხის შესახებ ძალიან დიდხანს იყო სიჩუმე. საბოლოოდ, ახალგაზრდა მკვლევრის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად, აღიარებული იქნა იმ ხალხის მნიშვნელობა, რომლებმაც 1918 წელს ახალი საქართველო შექმნა, პირველ რიგში მამაჩემის მეთაურობით. ძალიან მადლიერი ვარ ამ ახალგაზრდა ისტორიკოსების და იმ ხალხის, ვინც ეს შესაძლებლად აქცია,“ - აღნიშნა რეჯებ ჟორდანიამ.   

ქართულ-ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მხარდაჭერით დაისტამბა.  





Print

« იხ. ყველა სიახლე