ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-28

საერთაშორისო კონფერენცია - „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“

საერთაშორისო კონფერენცია - „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება. ბევრი მკვლევარი ჩამოვიდა მრავალი ქვეყნიდან, რომელიც იკვლევს პლატონის ფილოსოფიურ ასპექტებს. განიხილება ინტერდისციპლინური ასპექტები. კონფერენციის დასკვნით დღეს, დაარსდება კავკასიის პლატონისტთა საზოგადოება, რომელიც გახდება საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი ჩამოყალიბდება ჩვენს უნივერსიტეტში. სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს კონფერენციაში.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ კავკასიის პლატონისტთა საზოგადოებაში გაწევრიანდებიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პლატონისტები.

„პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება, რომელიც პლატონის ფილოსოფიას, მისი ფილოსოფიის ინტერდისციპლინურ საკითხებს ეძღვნება. კონფერენცია არის ძალინ მასშტაბური, რადგან მასში მონაწილოებს 60-ზე მეტი საყოველთაოდ ცნობილი და ახალგაზრდა მეცნიერი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ასეთი მასშტაბის კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საქართველოში არ ჩატარებულა. ჩამოსული არიან პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებლები, მოქმედი და მომავალი პრეზიდენტები. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექციაც,“- განაცხადა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა ბევრი მიზეზის გამო. თსუ არის არა მხოლოდ გამოყენებითი მეცნიერებების წინა ხაზი, არამედ ლიდერია ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც. კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ვამაყობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობით და მიღწევებით,“- აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

„კონფერენციაზე წარმოვადგენ მოხსენებას პლატონის ქართულ ენაზე თარგმნის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავი მოიყარა პლატონის ყველა ცოცხალმა და ცნობილმა მკვლევარმა.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციისა და აზრების გაცვლას, სიახლეებზე საუბარს,“- აღნიშნა  მკვლევარმა, პლატონის მთარგმნელმა მაია შუხოშვილმა.

კონფერენციის ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე