ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-12-26

ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ დაჯილდოების საღამო

 ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ დაჯილდოების საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდოების საღამო გაიმართა. ათი კონკურსანტიდან  ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი, ცოტნე ავსაჯანიშვილი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს - ნინო ბუკიას და დავით კილაძეს 700 და 500 ლარი და პარტნიორის საჩუქრები გადაეცათ.
თსუ რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის განცხადებით, „სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" მნიშვნელობა ძალზე დიდია. ეს დადასტურდა იმითაც, რომ წინა წლების ყველა გამარჯვებული, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი სახეა ლიტერატურულ ასპარეზზე. სამასი სტუდენტიდან მეორე ეტაპზე ათი სტუდენტი გადავიდა, რომელთა პენ მარათონში დაწერილმა ნაწარმოებებმაც ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვულოცავ მათ და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას და მინდა რომ ახალ წელს შეხვდნენ ახალი იდეებით, ჯანმრთელები და რაც მთავარია, ბედნიერები,“- აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.
იმპროვიზაციული ტურისთვის კონკურსის 10 მონაწილე ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „უჰ, მოვიდნენ გემებით“ თორმეტი საათის განმავლობაში წინანდლის მამულში ქმნიდა.  ცოტნე ავსაჯანიშვილი წელს მესამედ იღებდა „შემოდგომის ლეგენდის“ კონკურსში მონაწილეობას. „წინა წლებისგან განსხვავებით  წელს ყველაზე ნაკლებად ველოდი გამარჯვებას.  ძალიან გახარებული ვარ და წარმატებებს ვუსურვებ ფინალისტებს,“- განაცხადა ცოტნე ავსაჯანიშვილი.
„შემოდგომის ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთერთმეტედ ჩატარდა. 
„ამ პროექტმა ნამდვილად შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს დადასტურდა იმითაც,რომ უკვე მე-11 წელია კონკურსი ტარდება და ბევრი დამწყები ახალგაზრდა მწერალი წარმატებით მოღვაწეობს. დღეს გამოცხადდნენ გამარჯვებულები, საინტერესო თემა და ნაწარმოებები შექმნეს ფინალისტებმა,მათგან სამ გამარჯვებულს ტრადიციულად, სილქნეტისგან პრიზები გადაეცათ,“-  აღნიშნა „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.
 პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება,  წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო. ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაალ ჩხეიძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული თეკლა ერემეიშვილი.
„როგორც ყოველ წელს,  შემოდგომის ლეგენდა წელსაც  განსაკუთრებულად საინტერესო იყო, თავისი თემით, მონაწილეებით. ნებისმიერი სტუდენტითვის, ვისაც გადაუწყვეტია რომ შექმნას პროზაული ნაწარმოები, ამ კონკურსში მონაწილეობა  უკვე გამარჯვებაა.  ვფიქრობ, რომ წელს საინტერესო თემა მივეცით სტუდენტებს, ეს იმითაც დამტკიცდა, რომ მოთხრობები ასე თუ ისე კარგი იყო, ყოველთვის რთულია სამეულის შედგენა, იმიტომ,რომ ჟიურის წევრები ადამიანები არიან,თავიანთი სუბიექტური შეხედულებებით, გემოვნებით.  კამათის, ერთმანეთის დარწმუნების შედეგად  სამეული შედგა. ვულოცავ სამივე ფინალისტს და ვუსურვებ, რომ თუკი სტუდენტის სტატუსი ექნათ, კიდევ მიეღოთ მათ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში,“- განაცხადა მწერალმა მაკა ლდოკონენმა. 
ტრადიციულად, „შემოდგომის ლეგენდა 2019“-ის ფინალისტების მოთხრობები სპეციალურ კრებულში დაიბეჭდა. ფინალისტებისთვის ეს პირველი პუბლიკაციაა. კრებული დაჯილდოების ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ. 
 


Print

« იხ. ყველა სიახლე