საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს
ეროვნული არქივი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. ეროვნული არქივი და
უნივერსიტეტი 2018 წლისთვის ერთობლივად მოამზადებენ და გამოსცემენ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის
სამენოვან (ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ) მემორიალურ ალბომს. თანამშრომლობის
მემორანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა
თეონა იაშვილმა მოაწერეს.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა,
უნივერსიტეტის თანამშრომლობა ეროვნულ არქივთან რამდენიმე მიმართულებით
გაგრძელდება, გამოიცემა საიუბილეო სამენოვანი ალბომი, რომელიც მიეძღვნება
საქართველოს მთავრობის პირველ თავმჯდომარეს ნოე რამიშვილს. გარდა ამისა,
დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები, ასევე საზაფხულო სკოლა, რომელშიც
მონაწილეობას მიიღებენ ემიგრანტები.
„ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი
ფორმატი. გაისად ბევრი საინტერესო თარიღი გველოდება. 8 თებერვალს ვიწყებთ
უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილის აღნიშვნით, მაისში კი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილეს აღვნიშნავთ“,-განაცხადა
გიორგი შარვაშიძემ.
„დღეს გაფორმებული მემორანდუმი ძალიან
მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული არქივისთვის, ვინაიდან ამით იწყება
კიდევ ერთ ახალ პროექტზე ერთობლივი მუშაობა. ეს პროექტი მოიცავს
საქართველოს მთავრობის პირველი ხელმძღვანელის შესახებ ძალიან საინტერესო
გამოცემის მომზადებას“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა
თეონა იაშვილმა. მისი თქმით,
ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ფონდებია დაცული როგორც ეროვნულ
არქივში, ასევე უნივერსიტეტში და გამოვლინდება ყველაზე მნიშვნელოვანი
მასალა, რომელიც მომვალ წელს საიუბილეო ალბომის სახით გამოიცემა.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი
საქმიანობა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველი და
უცხოელი სტუდენტების და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, ახალი
გამოცემების მომზადებითა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან
დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის საშუალებით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის
ფოტოები, თბილისის „ოხრანკის“ მიერ შედგენილი დაპატიმრების ბარათი,
ქართული და ფრანგული დიპლომატიური პასპორტები, სავიზიტო ბარათი,
დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის მოწმობა, 1924 წლის აჯანყების
მომზადების შესახებ გაგზავნილი დაშიფრული წერილები.