ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-21

ლიტერატურული მარათონი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ 50 ენაზე

ლიტერატურული მარათონი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ 50 ენაზე
ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლიტერატურული მარათონი - "შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ 50 ენაზე" გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ლიტერატურული მარათონი საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო. მარათონზე ფრაგმენტებს „ვეფხისტყაოსნიდან“ კითხულობდნენ ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ლიტერატურული მარათონის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ვეფხისტყაოსნის მხატვრული გაფორმების ნიმუშები დიგიტალურად (მინიატურებით შემკობილი ხელნაწერები და ილუსტრაციები სხვადასხვა გამოცემებიდან). პროექტის ავტორია ფრანკფურტის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი მანანა თანდაშვილი.

მე-12-ე საუკუნეში შექმნილი პოემა, რომელიც 160-ზე მეტი ხელნაწერის სახით არის შემონახული და 50-ზე მეტ ენაზე არის თარგმნილი,  2013 წელს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

პროექტს აფინანსებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქალაქ ფრანკფურტის კულტურის დეპარტამენტი და ფრანკფურტის მერიის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტი. პროექტის მხარდამჭერები არიან: გურიელის ჩაი (GEOPLANT) და ღვინის კომპანია GEORGIAN WINE.


Print

« იხ. ყველა სიახლე