ქართული ანბანის პირველად მომჭრელი უნგრელი ტიპოგრაფის მისტოტფალუში კიშ მიკლოშის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია ისტორიის დოქტორმა
პიტერ პალ კრანიციმ. ღონისძიებას, რომელიც უნგრული კულტურული დღეების ფარგლებში გაიმართა, თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.
„ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო და მიეძღვნა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს და ქართული ანბანის პირველ მომჭრელ უნგრელ ტიპოგრაფს. კიშ მიკლოშის მიერ მოჭრილი ქართული შრიფტის გზას იკვლევდა, ჯერ კიდევ, აკაკი შანიძე. შემდგომ, 1982 წელს ამაზე წიგნი გამოსცა გურამ შარაძემ და დღეს ჩვენ გვაქვს ახალი ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან, ლექციის ფეისბუქის ლაივ სტრიმის მეშვეობით ბევრმა გაიგო ქართულ-უნგრული ურთიერთობების შესახებ საინტერესო ფაქტები,“- განაცხადა
გიორგი შარვაშიძემ.
უნგრელი ტიპოგრაფი მისტოტფალუში კიშ მიკლოში პირველი იყო, ვინც იმერეთის მეფის არჩილის დავალებით, 1684 წელს, პირველად მოჭრა ქართული ანბანი. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ მისი ქართული ასოები, მანამ სანამ მიაღწევდა დანიშნულების ადგილს - მეფის კარის გამომცემლობას, დაიკარგა შვედეთში (სადაც არჩილ მეფის შვილი იმყოფებოდა ტყვეობაში). ნიკოლას კიშის (კიშ მიკლოში) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი აშკარა დასტურია იმისა, რომ ქართულ-უნგრული ურთიერთობები გასცდა დიპლომატიურ და სამხედრო თანამშრომლობას. ეს ურთიერთობა სათავეს იღებს შუა საუკუნეებში და აისახება თანამედროვე დროის ადრეულ ეპოქის კულტურაზე.
ნიკოლას კიში აღმოსავლური ბეჭდვის პიონერი ამსტერდამში მომუშავე, ტრანსილვანიელი ტიპოგრაფი იყო. მისი, სომხური, ჩინური, ებრაული, სირიული კოპტური და სხვა მრავალი დამწერლობის ასოები იყო პირველი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ევროპულ გამომცემლობებში.