ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი

პრეამბულა
შუა საუკუნეების ქრისტიანული საზოგადოება თავის თავს ერთიან, გლობალურ სივრცედ მოიაზრებს, რომელიც "ბერძნულის", როგორც იდეალის გარშემო არსებობს და  მასთან კონტაქტში ვითარდება. ბერძნულობასთან ანტაგონიზმი, მისი ბაძვა და მასთან მეტოქეობა ქმნის საერთოსა და განსხვავებულს და აყალიბებს აღმოსავლური ქრისტიანობის კომპლექსურ სივრცეს. ამ სივრცეში არსებული პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული, ენობრივი და სამწერლობო ურთიერთობები ასევე, კომპლექსურად უნდა იქნას გაგებული, დანახული და შესწავლილი.
საქართველო - იბერიისა და ეგრისის სამეფოები - ერთ-ერთი პირველია იმათ შორის, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ზეეროვნული რელიგიის მიღებით ქართულმა მენტალობამ იმთავითვე იგრძნო თავი გლობალური სამყაროს ნაწილად და ამ სამყაროს თანაშემოქმედად. ის თავის ენით მეტყველებს ამ სამყაროში -  თავისი ენით, არქიტექტურით, თავისი სახვითობით, თავისი მუსიკით. ქართული კულტურის გლობალური და ინდივიდუალური ასპექტები ერთმანეთისგან განყოფილად ვერ დახასიათდება.  
საქართველო ქრისტიანული აღმოსავლთის კულტურის განსაკუთრებული ნაწილია: მისი კულტურა ყალიბდება არა მხოლოდ ცენტრთან - ბიზანტიასთან, ბერძნულენოვან სამყაროსთან თანამშომლობაში, არამედ პროვინციათაშორის ურთიერთობაში - სომხურ, სირიულ, არაბულ კულტურებთან მჭიდრო ურთიერთქმედებაში. ამ თვალსაზრისითაც ქართული გამოცდილება უნიკალურია.

მიზანი
დღეს, როდესაც ხდება ერთიანი ევროპის იდეის ძიება, გამწვავებულია კონფლიქტები ნაციონალური სახელმწიფოსა და გლობალური სივრცის მომხრეებს შორის, ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროს შორის, ისტორიული ქრისტიანული აღმოსავლეთი კი კონფლიქტების პოლიგონია, პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა კულტურულ-ისტორიული ფესვების ღრმა კვლევაა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ისტორიული გამოცდილება, ცოცხალი რელიგიური ტრადიცია, ასევე - ქართული მასალის სიახლე, ძველი ენებისა (ძვ. ქართული, ძვ. სომხური, ძვ. ბერძნული, სირიული, ებრაული) და კულტურების კვლევებისა და სწავლების გამოცდილება, ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებულ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევებს ცენტრს საფუძვლიან ამბიციას უქმნის იმისათვის, რომ გახდეს მულტიდიციპლინური და ინტერდისციპლინური ცენტრი კვლევებისა, რომლის საბოლოო მიზანია იმის შესწავლა, თუ როგორ ხდებოდა გლობალური ქრისტიანული ცივლიზაციის ფარგლებში ლოკალური ტრადიციების განვითარება და ნაციონალური კულტურის ჩამოყალიბება.

მუშაობის ფორმა
 
ცენტრი ორიენტირებულია სწავლისა და კვლევის კოორდინაციაზე, ახალგაზრდა კადრების მოზიდვაზე, კვლევების ინტერნაციონალიზაციაზე. იგი ფუნქციონირებს: 1. მუდმივმოქმედი სემინარის ფორმით, რომელიც წამოადგენს სხვადასხვა დარგის და სხვადასხვა თაობის  ქართველ და უცხოელ მკვლევართა სადისკუსიო ველს, სადაც ხდება იდეების გაზიარება, შეჯერება და საერთო ზოგადი კვლევითი პლატფორმის მოძებნა.
2. კვლევითი პროექტების ფორმით. პროექტების იდეა და მეთოდები  ყალიბდება სემინარებზე, მტკიცდება ცენტრის საბჭოზე და მუშავდება ინდივიდუალური და ჯგუფური კვლევების სახით.
3. ცენტრი ფუნქციონირებს აგრეთვე როგორც საერთაშორისო კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების მასპინძელი და მონაწილე.
4. ცენტრის მუშაობის შედეგი აისახება ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ პუბლიკაციებში, მოხსენებებში საერთაშორისო ფორუმებზე.

ცენტრის მმართველი ორგანო
ცენტრის დირექტორი:
პროფ. ანა ხარანაული. კვლევის სფეროები: ბიბლიის ფილოლოგია, თარგმანის ტექნიკა, ტექსტის კრიტიკა, ეგზეგეტიკა
ცენტრის საბჭო:
პროფ. თინა დოლიძე. კვლევის სფეროები:  პატრისტიკული ღვთისმეტყველება და გვიანანტიკური ფილოსოფია.
პროფ. მაგდა მჭედლიძე. კვლევის სფეროები: შუა საუკუნეების ბიზანტიურ–ქართული ურთიერთობები (ფილოსოფიურ–თეოლოგიური ტექსტები, ტრადუქტოლოგია, ლექსიკოლოგია, ისტორიოგრაფია, აგიოგრაფია); ანტიკურობის ბიზანტიური რეცეფციები.    
პროფ. ზაზა სხირტლაძე. კვლევის სფეროები: შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება, მისი მიმართებები ქრისტიანული აღმოსავლეთის მხატვრულ ტრადიციასთან; მონასტიციზმი და სამონასტრო ხელოვნება; ქრისტიანული იკონოგრაფია და სახისმეტყველება; ეპიგრაფიკა.
პროფ. ლევან გიგინეიშვილი. კვლევის სფეროები: შუა საუკუნეების ფილოსოფია-თეოლოგია; შუა საუკუნეების პლატონიზმი; ბიზანტინისტიკა; ახალი აღთქმა; კლასიკური (ბერძნული) ლიტერატურა; ფილოსოფიის ისტორია

გამოქვეყნების თარიღი:2019-05-31 13:45:21