2019-05-08

,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“

გრძელდება სტუდენტური პროექტი – ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გრძელდება პროექტი სტუდენტებისათვის სახელწოდებით ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“, რომლის ინიციატორია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა. მიმდინარე წლის 2 მაისს ჩატარდა მორიგი ღონისძიება, რომელიც გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ,,ეს პროექტი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ფაკულტეტზე რეგულარულად, თვეში ერთხელ ტარდება. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების  მოთხოვნით, ის გრძელვადიანი იქნება და ბევრი აქტუალური ეკონომიკური პრობლემის განხილვა იგეგმება. ამ პროექტს მხარდაჭერას უცხადებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანი მოტივაცია და სტიმულია სტუდენტებისათვის არა მხოლოდ ცოდნის გასაფართოებლად და პროფესიული უნარ–ჩვევების გასაძლიერებლად, არამედ დებატებისა და დისკუსიის კულტურის განსავითარებლადაც“.

ბოლო დებატების თემა იყო: ,,უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ ანტიდემპინგური კანონი?“,
რომელშიც 8 სტუდენტი მონაწილეობდა. მოდერატორი იყო ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პედაგოგი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ირაკლი მაკალათია. დებატები ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ყოველმა მონაწილემ წარმოადგინა მოკლე მოხსენება აღნიშნულ თემაზე, ხოლო მეორე ეტაპზე სტუდენტები დანაწილდნენ განსხვავებული პოზიციების მქონე ორ ჯგუფად და გაიმართა ჯგუფთაშორის დებატები.

ღონისძიების დასასრულს დებატებში მონაწილე სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო დებატებში მონაწილეობა სხვადასხვა ასპექტით, კერძოდ: თანატოლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ასეთი ფორმით, ახალი ინფორმაციის მიღება და კრიტიკული ანალიზი, აგრეთვე დებატებისა და დისკუსიების უნარ–ჩვევების შესწავლა. მათ მადლობა გადაუხადეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს საინტერესო პროექტისათვის და დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდეს ეს პროექტი. ამასთანავე, მათივე წინადადებით, საჭიროა პროექტში მონაწილე აქტიური და წარმატებული სტუდენტების წახალისების ფორმების გამოძებნა.

უნდა აღინიშნოს, რომ დებატებში, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, მონაწილეობდნენ ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებიც.





Print

« იხ. ყველა სიახლე