2020-02-27
მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსი ილუსტრატორებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უნგრეთის საელჩო საქართველოში აცხადებს მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს ილუსტრატორებისთვის, რომელიც თემატურად სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს ,,სიბრძნე სიცრუისა“ უკავშირდება. კონკურსი უნგრელი ხელოვნის, მიხაი ზიჩის შემოქმედებას ეძღვნება და მისი მიზანია უნგრული და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების წახალისება, მათი შემოქმედებითი კავშირების განვითარება, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. მიხაი ზიჩის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იგი არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ავტორი და მხატვრის ნამუშევრები საქართველოს მუზეუმებშია დაცული.
კონკურსი ოფიციალურად 2020 წლის პირველ იანვარს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო კონკურსში გამარჯვებული მ.წ. აპრილის თვეში გამოვლინდება. ამასთან, გაცნობებთ, რომ: კონკურსის პირობები გამოქვეყნებულია საქართველოში უნგრეთის საელჩოს ოფიციალური ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: https://tbiliszi.mfa.gov.hu/news/zichy-prize-2019
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონკურსანტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ საქართველოში უნგრეთის საელჩოს შემდეგ მისამართზე:
mission.tbs@mfa.gov.hu
« იხ. ყველა სიახლე