რელიზი

2016 წლის 15 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული, მხატვრული ფოტოგრაფიის, მცირე პლასტიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და კომპიუტერული გრაფიკის ნიმუშები. 
თბილისის საშუალო სკოლებიდან ნამუშევრები წარმოადგინეს ელენე და გიორგი ბერაიამ, სოფიო ხუციშვილმა, ბაქარ სიურგალმა, ბაია და ნინო ლეკიაშვილებმა, სალომე ელბაქიძემ, მარიამ ქობულაშვილმა, მარიამ სიფრაშვილმა, მარიამ ქვარცხავამ, ეკატერინე მაგრაქველიძემ, ბარბარე ზარიძემ, იოანე და ალექსანდრე ზარიძეებმა. 
რუსთავის საშუალო და კერძო სკოლებიდან წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები არიან:
საბა ხაჭაპურიძე, დაჩი დათუაშვილი, ნინო წიკლაური, იმედა აფციაური, თამარ ნოზაძე, ლაშა არჯევანიძე, თამარ ვარამაშვილი და გვანცა მამისაშვილი. 

თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა ფუნქციონირებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში. სკოლაში ყოველ პარასკევს 18:00 საათზე საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს სხვადასხვა საგნებში ლექციებს უკითხავენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები. 2016 წლის ზაფხულში მოეწყო საზაფხულო სკოლა, რაც ატენის სიონში ექსკურსიით დაგვირგვინდა. ინტელექტუალური განვითარების გარდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ცდილობს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა წაახალისოს. 2016 შემოდგომის სემესტრში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავად დაემზადებინათ თექის ნიმუშები ქალბატონი თამარ წეროძის ხელმძღვანელობით. ვორკშოპში შექმნილი ნიმუშები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე. 2016 წლის სამხატვრო გამოფენა პირველი მცდელობა იყო მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ჩართვისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. 

გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური, არქეოლოგი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი, მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე, რუსთავის N6 და N7 საშუალო სკოლების პედაგოგი ვაჟა ქარუხნიშვილი, ასოც. პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის კოორდინატორი თამარ გოგუაძე. 

გამოსმვლელებმა მოსწავლეებს მიულოცეს გამოფენაში მონაწილეობა და წარმატება უსურვეს მომავალ შემოქმედებით კარიერასა და ინტელექტუალურ განვითარებაში. წინა საშობაო განწყობის შესაქმნელად ტრადიციული მუსიკალური ფონის თანხლებით უნივერსიტეტი მოსწავლეებსა და სტუმრებს საახალწლო ტკბილეულით გაუმასპინძლდა. 

გამოქვეყნების თარიღი:2016-12-19 15:15:09