უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრა

2010-06-05

უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრა

თსუ იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტისა და ასოციაცია `ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” ერთობლივი ორგანიზებით 2010 წლის 5 ივნისს შედგა უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრა.

ინსტიტუტის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მზია ლეკვეიშვილი და ამავე ინსტიტუტის წევრები: ასოცირებული პროფესორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის პალატის მოსამართლე მაია ივანიძე და სამართლის დოქტორი გოჩა მამულაშვილი.

პროფესორმა მზია ლეკვეიშვილმა ისაუბრა ინსტიტუტის მიზნებსა და მთავარ ამოცანებზე, რაც მოიცავს ისეთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და უკანონო მიგრაცია, სახელდობრ ამ ბრძოლის კრიმინოლოგიურ ასპექტს.

სამართლის დოქტორმა გოჩა მამულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკითხის თეორიულ ასპექტებზე, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა მაია ივანიძემ კი აქცენტი გააკეთა ტრეფიკინგის შემადგენლობაში დაზარალებულის მოტყუების ხერხის რეალურად არსებობაზე და მოიყვანა რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი. დისკუსიის წევრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ძალადობის ფორმებზე, რომლებიც ამგვარი დანაშაულის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია (მაგ.: ჰქონდა თუ არა ადგილი იძულებით შრომას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ა.შ.)

საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა, მოხდა საკანონმდებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება თითოეული ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებით. საბოლოო შეფასებით, ტრეფიკინგის ტრანსნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე დისკუსიის წევრები შეჯერდნენ ისეთ კრიმინოლოგიურ ღონისძიებათა განხორციელების პოზიციაზე, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს აღნიშნული დანაშაული.

Print

« იხ. ყველა სიახლე