კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის შეკრება – მრგვალი მაგიდა

2010-05-21

კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის შეკრება – მრგვალი მაგიდა

2010 წლის 21 მაისს გაიმართა თსუ იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის შეკრება – მრგვალი მაგიდა, რომელიც სიმბოლურად არასრულწლოვანის პიროვნებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავისებურებებს მიეძღვნა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი მზია ლეკვეიშვილი და ამავე ინსტიტუტის წევრი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის პალატის მოსამართლე მაია ივანიძე. მრგვალი მაგიდა გამოირჩეოდა თავისებურებით, რამდენადაც იგი წარმოადგენდა თეორეტიკოსთა და პრაქტიკოსთა ერთობლივ სამუშაო შეხვედრას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ.

პრაქტიკოს იურისტთაგან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი დავით სულაქველიძე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: მ. ოთარაშვილი, თ. ალანია, მ. ჩოხელი, ნ. ჭიჭილეიშვილი; თბილისის საქალაქო სასამართლოს წევრები: ლ. ორკოდაშვილი, ნ. გიგიტაშვილი, მ. ჯვარშეიშვილი; მრგვალ მაგიდას ასევე ესწრებოდა გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდის (იუნისეფი) წარმომადგენელი თეონა კუჭავა. შეხვედრა გახსნა ასოცირებული პროფესორის მაია ივანიძემ მოხსენებით, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ, რაც არასრულწლოვანთა პრობლემატიკას შეეხებოდა.

ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მზია ლეკვეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა სადისკუსიოდ რამდენიმე პრობლემატური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, კერძოდ არასრულწლოვანთა მიმართ რამდენად გამოიყენება აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი.

თავისი მოსაზრებები წარმოადგინა ინსტიტუტის კრიმინოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ანალიტიკოსმა, სამართლის დოქტორმა მორის შალიკაშვილმა, რომელმაც არასრულწლოვანთან მიმართებაში კრიმინოლოგიურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა, რამდენადაც გამოიკვეთა პრაქტიკოსთა პოზიცია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. მათ არაერთი პრაქტიკული მაგალითი გაიხსენეს და თეორეტიკოსთა შეკითხვებს, თუ რამდენად ხშირია არასრულწლოვანთა მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელება, თავისი მოსაზრებები გააცნეს.

საბოლოო შეფასებით, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კრიმინოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზება, სადაც თავიანთ მოსაზრებებს შეაჯერებენ თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები. დისკუსია შედეგიანი აღმოჩნდა, დაიგეგმა მორიგი შეხვედრის თემატიკა: არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები, სადაც თეორეტიკოსთა და პრაქტიკოსთა გარდა მოწვეული იქნებიან პედაგოგები და ფსიქოლოგები. შეხვედრის საორიენტაციო თარიღად ამა წლის სექტემბერი დასახელდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე