საქმიანობის დროებითი წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ინსტიტუტი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.
2. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საქმიანობის დროებითი წესის მიხედვით. საქმიანობის დროებით წესსს იღებს იურიდიული ფაკულტეტის საბჭო დეკანის წარდგინების საფუძველზე.
3. ინსტიტუტის საქმიანობის დროებითი წესში ცვლილება-დამატების შეტანა შესაძლებელია ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიზნები, დანიშნულება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ინსტიტუტის ძირითად მიზანს წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ევროპული და ამერიკული მეთოდების მეცნიერული შესწავლა და მათი საქართველოში გამოყენების თეორიული და პრაქტიკული წანამძღვრების შექმნა.
2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს ხმათა უმრავლესობით საბჭოს წევრად აირჩიოს სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
3. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანებია:
• საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ისტორიული საფუძვლების ანალიზის გზით თანამედროვე პირობებში მათი გამოყენების პერსპექტივების კვლევა.
• ევროპასა და ამერიკაში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების თეორიისა და პრაქტიკის შესწავლა; არსებული პრაქტიკის მეცნიერული ანალიზი ქართულ სინამდვილეში მათი დანერგვის მიზნით.
• დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების წამყვან ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება და მათი გამოცდილების შესწავლა.
• წამყვან ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ცენტრებთან ერთად დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების სფეროში საერთაშორისო პროექტების ინიცირება და ასეთ პროექტებში მონაწილეობა.
• დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების სფეროში თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკის და საინფორმაციო ბაზის შექმნა.
• თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების (არბიტრაჟი, მედიაცია და სხვ) მაღალ დონეზე სწავლებისათვის აუცილებელი სახელმძღვანელობის შექმნა.
• დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების სფეროში ევროპული და ამერიკული პოპულარული გამოცემების თარგმნა.
• თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესიონალი მედიატორებისა და არბიტრების მომზადებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის შექმნა.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:
• რეგულარულად მოანწილეობს სხვადასხვა ლოკალურ და საერთაშორისო პროექტებში ან საკუთარი ძალებით ახდენს მათ განხორციელებას.
• ხელს უწყობს ინსტიტუტის საქმიანობაში დაინტერესებული იურისტების ჩართვას.
• მხარს უჭერს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებული ინოვაციური იდეების განხორციელებას.
5. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებისათვის აუცილებელი თეორიული ბაზისის შექმნა.
• არსებული კვლევების კონკრეტული პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენება.
• თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების განზოგადება.
6. ინსტიტუტი უფლებამოსილია პერიოდულად ჩაატაროს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციები, სემინარები თუ სხვა სახის შეხვედრები, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლების ჩატარებული კვლევების შედეგებს წარმოაჩენენ.
7. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან.
8. ინსტიტუტი აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც დეტალურად აისახება შესაბამისი წლის განმავლობაში ინსტიტუტის საქმიანობა და ამ საქმიანობის შედგები.
მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა
1. ინსტიტუტი შედგება ინსტიტუტის ხელმძღვანელის (დირექტორის), მისი წევრების, მდივნისა და დამხმარე პერსონალისაგან.
2. ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის: 1. ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერის ცენტრი; 2. უცხოური ლიტერატურის თარგმნის ცენტრი.
3. ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერის ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
• ინსტიტუტის მიერ, ან მისი მონაწილეობით ჩატარებული პროექტების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერა
• ახალი პროექტის ინიცირებისა და მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიება, მისი დამუშავება და ინსტიტუტისათვის წარდგენა.
4. უცხოური ლიტერატურის თარგმნის ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
• პოპულარული უცხოური პუბლიკაციების მოძიება და მათი თარგმნის შესაძლებლობის დადგენა.
• თარგმანის სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნების იდენტიფიცირება.
• პუბლიკაციის თარგმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ავტორებისაგან თარგმანზე თანხმობის მიღების ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი ინსტიტუტის წევრებთან ერთად.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი
ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი იქმნება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სხვა მეცნიერებისაგან, მათი სურვილის შესაბამისად. ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამის დარგის მეცნიერი, რომელსაც თსუ-ში არ უჭირავს აკადემიური თანამდებობა.
მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კვლევის ცენტრებისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს წარმოადგენს, ქმნის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.
2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს ხმათა უმრავლესობით საბჭოს წევრად აირჩიოს სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
4. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს, კერძოდ:
• განიხილავს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმებს;
• განსაზღრავს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო გეგმას;
• განიხილავს ინსტიტუტის სტრუქტურის შეცვლის, აგრეთვე, საკვლევ სამუშაოთა ჩასატარებლად განსაზღვრული სახსრების მოძიების და გამოყენების საკითხებს;
• განიხილავს სხვა სამეცნიერო საწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს;
• ისმენს და განიხილავს კვლევის ცენტრების ხელმძღვანელთა, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის ანგარიშებს;
• განიხილავს ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ეფექტურობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების შესრულების მიმდინარეობას, ისმენს და განიხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა ანგარიშებს უცხოეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ;
• იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო ჟურნალის დაარსების (გაუქმების) შესახებ, შეარჩევს ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებს და პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის ანგარიშს;
• წარადგენს ღირსეულ მეცნიერთა შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად.
ადგენს კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზანშეწონილობის საკითხებს.
• გადაწყვეტილებას იღებს ინსტიტუტში პირის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
• უფლებამოსილია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობასა და საქმიანობას შეეხება.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომებს წარმართავს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. საბჭოს საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით, თუ საგანგებოდ არ დადგინდა ფარული კენჭისყრის აუცილებლობა. საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისა და ხელმძღვანელობისათვის.
7. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მიმდინარეობის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
8. სამეცნიერო საბჭო თავად განსაზღვრავს მდივნის კანდიდატურას ღია კენჭისყრით დამსწრეთა ხმაების უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 6. ინსტიტუტის ხელმძღვანელი (დირექტორი)
1. ინსტიტუტის ხელმძღვანელი:
• ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის საორგანიზაციო საქმიანობას; ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან ერთად დირექტორი ხელმძღვანელობას უწევს ასევე ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას;
• იურიდული ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს;
• ორგანიზებას უწევს სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
• ხელს უწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა სახის ორგანიზაციებთან;
• უზრუნველყოფს სამეცნიერო კადრების მომზადებას და მეცნიერ-თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
• ორგანიზებას უწევს სამეცნიერო გამოკვლევათა გამოქვეყნებას;
• ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ინსტიტუტის
თანამშრომელთა საშტატო ნუსხას, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის დეკანი წარუდგენს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
• ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს კვლევითი ცენტრის/ცენტრების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
• წარმოადგენს ინსტიტუტს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ დაწესებულებებში;
მუხლი 7. სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი
1. ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ პროექტს (პროექტებს).
2. ყოველი წლის ბოლოს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მოახსენებს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების შესახებ.
მუხლი 8. მეცნიერ-თანამშრომელი
მონაწილეობას იღებს ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებული პროექტის (პროექტების) შესრულებაში.
მუხლი 9. თანამდებობის დაკავების წესი
1.
ინსტიტუტის ხელმძღვანელს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ინსტიტუტის ხელმძღვანელად შეიძლება გამწესებულ იქნეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წევრი. დირექტორი ინიშნება 1 წლის ვადით.
2. ინსტიტუტის ხელმძღვანელის დანიშვნიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში სამეცნიერო კვლევითი ცეტრის (ცენტრების) ხელმძღვანელების კანდიდატურებს თანამდებობებზე ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.
3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ისევე როგორც ინსტიტუტის სხვა პერსონალს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და პირობები განისაზღვრება თსუ-სთან დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 10. მეცნიერ-თანამშრომლის უფლებები
1. მეცნიერ-თანამშრომელს უფლება აქვს:
• დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, მეთოდები და საშუალებები;
• მონაწილება მიიღოს დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში;
• წარმართოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ინსტიტუტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებასთან.
მუხლი 11. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა
1. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შემდეგ მისი ქონება რჩება თსუ-ს,
თუ ინსტიტუტსა და მის დამფინანსებლებს შორის შეთანხმებით ან შესაბამისი პროექტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.