2020-09-22
სტუდენტთა საყურადღებოდ!
ძალიან ვწუხვართ, რომ პანდემიის გლობალურმა საფრთხემ კვლავ შეცვალა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორთა აკადემიური გეგმები და ისევ დისტანციურ რეჟიმში გვიწევს ურთიერთობა, ვიდრე სააუდიტორიო მეცადინეობები არ აღდგება. ამასთან, სასწავლო პროცესის ამ ფორმატში დაწყებასთან ერთად, გვინდა, თქვენი ყურადღება მივაპყროთ რამდენიმე საკითხს.
• გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონული (ონლაინ) სწავლება დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და ამრიგად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში როგორც თითოეული თქვენგანის, ასევე აკადემიური გუნდის წევრების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი. ლექციების აუდიო/ვიდეოჩანაწერები და ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტომასალა, მათ შორის, ე.წ. „სქრინშოთი“, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მიერ მათი მოსმენისას, შენახვისას და სხვა პირებისთვის გაზიარებისას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია ლექციების ანდა სასემინარო შეხვედრების ჩაწერა თუ არ არსებობს ამის შესახებ ამ ლექციაში/სემინარში მონაწილე ყველა პირის წინასწარი თანხმობა. სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იურისტები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ამიტომ გთხოვთ, გახსოვდეთ აღნიშნული აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების (ხმა, გამოსახულება და ა.შ.) გამოყენებისას;
• გახსოვდეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის მიერ საგანგებო ვითარებაში საკუთარი სტუდენტებისათვის ელექტრონული ფორმატით მომზადებული სალექციო მასალები (პოდკასტები, ვიდეო/აუდიოლექციები) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ და მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის - ისარგებლეთ ჩანაწერებით მხოლოდ დანიშნულებისამებრ და არ გაუზიაროთ ისინი არაუფლებამოსილ მესამე პირებს, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა ჯგუფების წევრებს და არ გახადოთ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, შეიქმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისა და საავტორო უფლებების ხელყოფის პრეცედენტი;
• თუ თქვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების შესახებ, გთხოვთ, აცნობოთ ამის თაობაზე იურიდიულ ფაკულტეტს ელექტრონულ ფოსტაზე tsu.law@tsu.ge;
• ასევე, გაცნობებთ, ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგრეთვე შესაძლებელია უნივერსიტეტის მიღმა. გთხოვთ, გაეცანით წვდომის მოკლე გზამკვლევს, რომელიც აერთიანებს ზოგიერთი ქართული თუ უცხოენოვანი სამეცნიერო ბაზების, ელექტრონული რესურსების ჩამონათვალს;
• ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის იხელმძღვანელეთ წინამდებარე ინსტრუქციებით: (1) წვდომის ინსტრუქცია და (2) თსუ ელექტრონული ფოსტის მისამართის პარამეტრების ცვლილების ინსტრუქცია;
• ელექტონული ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებული პირებისათვის გაიმართება 22 და 29 სექტემბერს, 18:00 საათზე. შეხვედრა ჩატარდება „ზუმის“ ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, რომლის რეკვიზიტები გამოგზავნილია შეტყობინების სახით და განთავსებულია LMS.TSU.GE სასწავლო ბაზის „საინფორმაციო დაფაზე“. კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელს, ქალბატონ ანა თოხაძეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ana.tokhadze@tsu.ge;
• სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგეწოდებათ LMS.TSU.GE ბაზის საინფორმაციო დაფის, ელექტრონული ფოსტისა და ფაკულტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ამასთან, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მოიწეროთ LMS.TSU.GE ბაზის შესაბამისი გრაფიდან. აკადემიური რეგისტრაციის, სემინარების დამთხვევის და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ისარგებლეთ გრაფით - აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით (ლექტორის მიერ სასწავლო მასალების ატვირთვა, ლექტორთან კომუნიკაციის, ლექციის ჩატარების და სხვა მსგავსი საკითხები) გამოიყენეთ გრაფა - ელექტრონული სწავლების კომპონენტთან დაკავშირებული პრობლემები. დეკანთან კომუნიკაცია შესაძლებელია გრაფიდან - მისწერე დეკანს;
• იაქციეთ ყურადღება, რომ ყველა სტუდენტს LMS.TSU.GE ბაზის საკუთარ პორტალზე ასახული აქვს თსუ ელექტრონული ფოსტის პირადი კორპორაციული მისამართი შესაბამისი პაროლით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტა უზრუნველყოფს სტუდენტის ხელმისაწვდომობას საუნივერსიტეტო სერვისებზე, მათ შორის, ელექტრონული სწავლების კომპონენტებზე. იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ თქვენი კორპორაციული მეილის პაროლი ან შეგექმნათ ტექნიკური ხარვეზი, მოიწერეთ LMS.TSU.GE ბაზის კორესპოდენციიდან „
IT support“ გრაფის მითითებით.
როგორც მოგეხსენებათ, იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი (სალექციო მეცადინეობები) დაიწყო 14 სექტემბრიდან, ხოლო სასემინარო მეცადინეობები - 21 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში (დისტანციური ვიდეოსაკონფერენციო საშუალებით „
ZOOM“). გთხოვთ, ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმაზე „
ZOOM“ რეგისტრაციისას, გამოიყენოთ თქვენი კორპორაციული (თსუ-ის) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ქართულად მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი რათა შესაძლებელი იყოს ლექტორების მიერ თქვენი, სტუდენტთა იდენტიფიცირება.
ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ პროფესორთა ნაწილმა მოამზადა სალექციო აუდიომასალა, „პოდკასტი“ ე.წ. „სლაიდშოუს“ (
Microsoft PowerPoint, Keynote, Google Slides) სახით და/ან მისი თანხლებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული ლექტორი იყენებს დისტანციური სწავლების ამ მეთოდს, აღნიშნული მასალები აგეტვირთებათ LMS.TSU.GE ბაზაში ყოველკვირეულად, გეგმიურად ჩანიშნული ლექციის შესაბამის დროს, ხოლო იმ ლექციისა თუ სემინარის თაობაზე, რომელიც ჩატარდება „
ZOOM“ პლატფორმის მეშვეობით, წინასწარ მოგივათ შეტყობინება შესაბამისი რეკვიზიტებით (შეხვედრის საიდენტიფიკაციო კოდი და პაროლი).
ელექტრონული ფორმატით სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია მოგეწოდებათ დამატებით.
იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ ჯანმრთელობასა და ნაყოფიერ სემესტრს!
« იხ. ყველა სიახლე