2015-04-20
ნინო ბახტაძის წიგნის პრეზენტაცია: "Markenschutz in Georgien und Deutschland"
2015 წლის 21 აპრილი, 15:00საათი, თსუ II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #135)
გაიმართება ნინო ბახტაძის წიგნის პრეზენტაცია:
"Markenschutz in Georgien und Deutschland" საქართველოსა და გერმანიაში სასაქონლო ნიშნების დაცვის სისტემათა შედარებითსამართლებრივი კვლევა-ანალიზი.
ნინო ბახტაძე, LL.M. Eur., სამართლის დოქტორი, საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული - დაამთავრა სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვანი ფაკულტეტი (სტუ), მიენიჭა ევროპის სამართლის მაგისტრის წოდება (თსუ). გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტმა დისერტაცია დაიცვა კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. ამჟამად საქმიანობს ინტელექტუალური საკუთრებისა და სადაზღვევო სამართლის სფეროში.
ნაშრომი წარმოადგენს საქართველოსა და გერმანიაში სასაქონლო ნიშნების დაცვის სისტემათა შედარებითსამართლებრივ კვლევა-ანალიზს. კერძოდ, ნაშრომში განხილულია სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონი და გერმანიის კანონი და აგრეთვე აქტუალური სასამართლო პრაქტიკა. საქართველოში სასაქონლო ნიშნების დაცვა ხორციელდება 1992 წლიდან, მაგრამ დღესდღეობით არ არსებობს სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის კომენტარი ან წიგნი სასაქონლო ნიშნების სამართლის სფეროში. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს შესანიშნავ საფუძველს საქართველოში სასაქონლო ნიშნების სამართლის განვითარებისთვის. ნაშრომში წარმოდგენილია ავტორის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოში სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებით გერმანიის მაგალითზე.
აღნიშნული წიგნი (214 გვერდი) დაიბეჭდა შვეიცარიაში და გამოქვეყნდა გერმანიაში 2014 წლის ოქტომბერს გამომცემლობის The Peter Lang Publishing Group მიერ. წიგნი შეტანილია ბიბლიოთეკების წიგნების ნუსხაში გერმანიის მასშტაბით. ასევე გაყიდვაშია, როგორც მაღაზიებში ევროპის მასშტაბით, ასევე ინტერნეტში (მაგ. Amazon-ზე). წიგნის შეძენა შესაძლებელია ასევე e-book-ის სახითაც.
ზემოხსენებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გამომცემლობის ვებ-გვერდზეც:
http://www.peterlang.com/detail/buch/81528/5/265424/
« იხ. ყველა სიახლე