2016-11-10

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის

ა/წ 14 ნოემბერს 11 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ ის იურიდიულ ფაკულტეტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს   შორის   ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

  მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფ ესორი - ირაკლი ბურდული და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ელზა ჯგერენაია.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება თსუ იურდიული ფაკულტეტის მცირე საკონფერენციო (135-ე ოთახი) დარბაზში ( მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 , II კორპუსი ).

დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას შრომითი მედიაციის   ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის, თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში გამოცდილების გაზიარების, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკის ეფექტიანი ფუნქციონირების წარმართვის,   სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა თანაშემწეებად სტუდენტების მომზადების მიმართულებით.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის   საჯარო აღიარებაა, რომლის პრეამბულაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესების ხელშეწყობა სახელმწიფოს ვალდებულებად განისაზღვრა. აღნიშნული გულისხმობს დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, დანერგოს დავის გადაჭრის შესატყვისი მექანიზმები ქვეყნის ფარგლებში. მართლმსაჯულებისადმი შეუზღუდავი მიმართვიანობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოებისა და თავისუფლების სივრცის, მოქნილი და ეფექტიანი დავის გადაწყვეტის მექანიზმების ხელმისაწვდომობას ინდივიდების, კოლექტიური დავის მონაწილე სუბიექტების, კერძო სექტორის და სხვა ფართო სფეროს წარმომადგენლებისათვის.

იურიდიული მომსახურების სააგენტოებში, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში, სასამართლოებსა და მედიაციის მომსახურების მიმწოდებელ სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში,   თანდათან იზრდება მოთხოვნა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში დამატებითი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებზე, რაც მედიაციის პროფესიონალიზაციის, პროფესიად ფორმირების მანიშნებელია.

კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის სახელმწიფოებრივ სივრცეში ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან განხორციელდა, სახელმწიფოს პოლიტიკური, სამართლებრივ-ეკონომიკური სტაბილურობისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემის მდგრადობის წინაპირობაა, რაც დღის წესრიგში აყენებს ახალგაზრდა კადრების მომზადების აუცილებლობას. აღნიშნულ მიზანს იურიდიულ ფაკულტეტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს   თანამშრომლობის ფარგლებში დაფუძნებული მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკა მოემსახურება.

Print

« იხ. ყველა სიახლე