2020-09-11
დამატებითი განმარტებები ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციის პროცესებთან დაკავშირებით
შეგახსენებთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე იწყება 11 სექტემბრის 17 საათიდან. ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება
„primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად.
არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ Lms.tsu.ge-დან. ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე“ და გამოაგზავნეთ განცხადება. საგნებზე ადგილები დაემატება თქვენი მოთხოვნისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით
12 სექტემბრის 17 საათზე.
იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფორმაციის დროულად მიღება.
დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ს შესაბამისი გრაფიდან (დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია). მნიშვნელოვანია, განცხადება დამატებით სემესტრთან დაკავშირებით დროულად შემოვიდეს ფაკულტეტზე, რათა ამ პროცესში შეუფერხებლად ჩაერთოთ.
განმარტება სასემინარო განრიგთან დაკავშირებით
სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 16 სექტემბრის 17 საათზე. 16 სექტემბრიდან ბაზა გაითიშება სასემინარო სამუშაოების დასაგეგმად და კვლავ გაიხსნება სემინარების არჩევის პარალელურად. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 18 სექტემბრის 17 საათიდან. 18 სექტემბრის 17 საათიდან ასევე შესაძლებელი იქნება საგნებზე ნაკადის შეცვლა და სხვა ცვლილებების განხორციელება.
ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით,
დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად,
უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს
უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად.
განმარტებები სამართლის პროგრამასთან დაკავშირებით
მიმდინარე სასწავლო სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 24 ივლისის სხდომაზე (სხდომის ოქმი #5). სტუდენტებს, რომლებიც სწავლას აგრძელებენ ძველი პროგრამებით მათივე ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარე სემესტრიდან შეთავაზებული ექნებათ სასწავლო დისციპლინები როგორც მათი, ასევე ახალი პროგრამიდან 2020 წლის პროგრამის კრედიტების მოცულობით (რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს არ შეექმნება პრობლემა სემესტრული დატვირთვის შესრულების კუთხით, რადგან ახალი პროგრამით ყველა შეთავაზებული დისციპლინა არის 5 კრედიტის მოცულობის). ამასთან, ახალი პროგრამის მოთხოვნები სრულად გავრცელდება მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩაირიცხნენ აღნიშნულ პროგრამაზე.
ამასთან გაცნობებთ, რომ სტუდენტებს, რომელთაც პროგრამულად უწევთ სამივე მიმართულებით პრაქტიკული კურსის გავლა, როგორც მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსის, მომდევნო სემესტრში, ალტერნატივის სახით, შეთავაზებული ექნებათ დისციპლინა ,,იურიდიულ პროფესიათა საფუძვლები”, რომელიც ჩაანაცვლებს მათთვის აღნიშნულ კომპონენტს.
გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!
« იხ. ყველა სიახლე