2016-10-19
ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა: "ივანე ჯავახიშვილი და სამართალი"
2016 წელს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი და იურიდიული ფაკულტეტი, გთავაზობთ გამოფენას: ივანე ჯავახიშვილი და სამართალი.
ყოველ ეპოქაში სახელმწიფოს მოწყობისა და მისი რაობის განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძლები იყო, ამიტომ სამართალწარმოების ტრადიცია, ორიგინალური სამართლებრივი ძეგლები, სასამართლო აქტები და განჩინებები, ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავდა. ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ იკვლევდა საქართველოში სამართლის ისტორიას, სამართლებრივ ტერმინოლოგიას, სამართლის დარგში შექმნილ ცალკეულ თხზულებებს, სახელმწიფო მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვ. ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის ეს მხარე ცნობილია როგორც ისტორიკოსების, ისე იურისტებისა და სამართლის ისტორიკოსებისათვის, თუმცა ამ უმნიშვნელოვანესი კვლევების ამსახველი ჩანაწერები, სამართლევრივი ტერმინოლოგიისა თუ საგულისხმო აქცენტების ათასობით ბარათი, სამართლის ისტორიის სამუშაო ვერსიები ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ეს საარქივო ჩანაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში - ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში და ნათლად ასახავს თუ რა კოლოსალური შრომა ჩაუტარებია ივანე ჯავახიშვილს ქართული სამართლის ისტორიის დღეს უკვე სამაგიდო წიგნებად ქცეულ ამ გამოკვლევებში.
20 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფები გამოიფინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გალერეაში. სამართლის ისტორიის კვლევის ამსახველ საარქივო დოკუმენტებთან ერთად საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები და საბიბლიოთეკო იშვიათობად ქცეული მისი გამოცემები, ავტორისეული მინაწერებითა და შენიშვნებით. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა თვალი მიადევნოს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ საინტერესო ფოტოებს.
მისამართი: ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. I კორპუსი, უნივერსიტეტის მუზეუმი. ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
გამოფენა იხსნება 20 ოქტომბერს (16:30 სთ-ზე) და გასტანს 26 ოქტომბრამდე. (18:00 სთ)
« იხ. ყველა სიახლე