2019-03-14
დამატებითი განმარტებები აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ აკადემიური რეგისტრაციების ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 130-მდე დისციპლინა/ნაკადი. სავალდებულო საგნების უმეტეს ნაწილზე ამ მომენტისათვის შესაძლებელი არის რეგისტრაცია. სავალდებულო საგნებს ადგილები დაემატება, როგორც იყო დაანონსებული, 14 მარტის 17:00 საათზე და ყველა სავალდებულო საგანზე შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია.
ფაკულტეტმა დაამუშავა სტუდენტთა მიერ გამოგზავნილი მოთხოვნები და გვინდა გაცნობოთ, რომ არჩევით საგნებს ადგილები 14 მარტის 17 საათზე დაემატება არსებული რესურსების გათვალისწინებით. ზოგ შემთხვევაში ფაკულტეტი შეზღუდულია ადამიანური რესურსით (რადგან კონკრეტულ პროფესორს არა აქვს შესაძლებლობა დაიმატოს ახალი ჯგუფი ან სტუდენტთა რაოდენობა) ან, დისციპლინაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა არსებობს სხვა ჯგუფში.
ამასთან, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული ზოგიერთი დისციპლინის/ პროფესორის თაობაზე:
დისციპლინა სანოტარო სამართალი შეთავაზებულია ორ ნაკადად. ერთი ნაკადი ამ სემესტრში პირველად მიჰყავს სამართლის დოქტორს, ნოტარიუს ნინო ხოფერიას. აღსანიშნავია, რომ ნინო ხოფერია 2005-2012 და 2012-2017 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ნოტარიუსთა პატალატას.
დისციპლინა მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, შეთავაზებულია სამ ნაკადად. ერთ-ერთ ნაკადს ამ სემესტრში პირველად ხელმძღვანელობს სამართლის დოქტორი ირაკლი ყანდაშვილი, რომელმაც ამ მიმართულებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე და მიმდინარე სემესტრში დააწესა სახელობითი სტიპენდია თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ასევე გაცნობებთ, რომ სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულების დისციპლინების კომბინირება, რაც არის კიდეც ახალი საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნა. ამ ეტაპზე არაერთ არჩევით დისციპლინაზე არის რეგისტრაციის შესაძლებლობა.
სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ადგილები დაემატება ასევე ფაკულტეტის არსებული რესურსების გათვალისწინებით, 14 მარტის 17 საათზე. სასემინარო ცხრილებთან და რეგისტრაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით.
« იხ. ყველა სიახლე