2016-02-22

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს!

განმარტებები  აკადემიური რეგისტრაციების პროცესთან დაკავშირებით
აკადემიური  რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 24 თებერვლის 17:00 საათზე. ყველა საგანი  გაიხსნება ერთდროულად. 
სავალდებულო და არჩევით საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება ანბანური  თანმიმდევრობით შემდეგი განრიგით : 
24 თებერვლის - 18:00 საათიდან - 18:45 საათამდე;
25 თებერვლის - 15:00 საათიდან 15:30 საათამდე;
25 თებერვლის - 18:00 საათიდან 18:30 საათამდე;
26 თებერვლის - 15:00 საათიდან 15:30 საათამდე;
26 თებერვლის - 18:00 საათიდან 18:30 საათამდე.
 
გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „ primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი).   სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე. 
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე,   გთხოვთ, მოგვწეროთ sms.tsu.ge- დან. ამისათვის გრაფაში ,,წერილის სახე“  მიუთითეთ  ,, აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“  და გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი “ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა.  აუცილებელია, რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური  სახით, არამედ მონიშნული იყოს გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“,  რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას. 
დისციპლინები: სამართლის მეთოდები (პროფესორი გიორგი  ხუბუა), საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი (პროფესორი კონსტანტინე კორკელია), ელექტრონული ხელმოწერა და მისი გამოყენება (მოწვეული ლექტორი ანა კაპანაძე), შესავალი გერმანულ სისხლის სამართალში (გერმანულად (მოწვეული ლექტორი ქეთევან მჭედლიშვილი ჰედრიხი)), შესავალი შედარებით სამართალში (ინგლისურად) (მოწვეული ლექტორი თომას ჰოფმანი)) ტარდება ინტენსიური კურსის ფორმატით. ამ დისციპლინების ჩატარების დრო ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მოგვიანებით. დისციპლინაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს ამ დისციპლინების დაწყების თარიღი გეცნობებათ sms შეტყობინების სახით. გთხოვთ, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ინფომაციის დროული მიღება.
სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე sms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 26 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 29 თებერვლისა.
სასემინარო მეცადინეობის განრიგი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 29 თებერვლის 17 საათზე. სემინარებზე რეგისტრაცია დაიწყება 2 მარტის 17 საათიდან. უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციების პროცესში დახმარების გაწევის მიზნით 24 თებერვლის 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, 25 და 26 თებერვალს 10:00 დან 18:00 საათამდე იურიდიულ ფაკულტეტზე (II აკადემიური კორპუსის რესურსცენტრი ) იმუშავებს სტუდენტებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს გაგიწევთ ამ პროცესის წარმართვაში და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ საგნის არჩევაში. 
ინფორმაცის გაცვლის მიზნით შექმნილია ჯგუფი, სადაც შეგეძლებათ თქვენთვის საინტერესო საკითხების დაზუსტება.
https://www.facebook.com/groups/764194260378129/?ref=bookmarks
 
გისურვებთ  სასურველი  ინდივიდუალური  ცხრილის  შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე