2020-08-31

სტუდენტთა საყურადღებოდ


იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სწავლის გაგრძელებას გაახლებულ მეორე აკადემიურ კორპუსში შეძლებენ.

გაცნობებთ, რომ ბაკალავრიატის სალექციო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, 17:00 საათზე. სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 11 სექტემბერს, 17:00 საათიდან.

მაგისტრატურის სალექციო მეცადინეობების ცხრილი ასევე განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 17:00 საათზე. ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გაცნობებთ დამატებით.

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. მომდევნო დღეებში საჭიროების შემთხვევაში მოხდება სალექციო დისციპლინებზე ადგილების დამატება და არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე. სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ LMS.TSU.GE ბაზიდან. ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე“ და გამოგზავნეთ განცხადება.

იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება. სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულის შესახებ შეუძლიათ მოგვმართონ ასევე LMS.TSU.GE ბაზიდან მიმდინარე წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 17 სექტემბრისა.

როგორც აღინიშნა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიმდინარე სემესტრში სწავლის დაწყება/გაგრძელება შეეძლებათ უნივერსიტეტის გარემონტებულ მეორე აკადემიურ კორპუსში. ამასთან, მეორე კორპუსი სტუდენტების მისაღებად სრულად მზად იქნება მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება ონლაინ რეჟიმში (დისტანციური ვიდეოსაკონფერენციო საშუალებით „Zoom“), თუმცა სააუდიტორო მეცადინეობები დაიწყება ოქტომბრის პირველი ნახევრიდან. ამასთან, საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით, სააუდიტორიო ფორმატში ჩატარდება შედარებით მცირე სალექციო ნაკადები და ყველა სასემინარო ჯგუფის მუშაობა. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მეცადინეობები ასევე ჩატარდება შერეული ფორმატით. ყველა იმ სალექციო კურსის ნაკადს, რომელიც განხორციელდება დისტანციური საშუალებით, სააუდიტორიო ფორმატში შეთავაზებული ექნება სალექციო/საკონსულტაციო შეხვედრები, რის თაობაზეც გეცნობებათ დამატებით.

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესის პარალელურად, იურიდიული ფაკულტეტი გეგმავს საორიენტაციო შეხვედრას ფაკულტეტის პირველკურსელებთან, რომელიც გაიმართება პირველკურსელთა რეგისტრაციის დღეებში:  3, 4, 7, 8 სექტემბერს, 17:00 საათზე.

სხვა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სხვა ფაკულტეტის სტუდენტები იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული საგნების არჩევას შეძლებენ 12 სექტემბერს, 17:00 საათიდან.

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამიდან ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამიდან ჩარიცხულ სტუდენტებს მათი ჩარიცხვის ბრძანებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს მაია მეტრეველს (პირველი კორპუსის ოთახი №224, ტელ. 595903343).

Print

« იხ. ყველა სიახლე