ლადო ჭანტურიას კილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
2013 წლის 22
ნოემბერს კილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა პროფესორ ლადო ჭანტურიას.
ამასთან დაკავშირებით კილის ხელოვნების მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო
სხდომა. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ფუკემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მაიერ-პრიტცელმა
და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ალექსანდერ ტრუნკმა
ისაუბრეს ლადო ჭანტურიას ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობაზე, მის გამორჩეულ როლზე პოსტსაბჭოთა
ქვეყნებში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების პროცესში და კილის უნივერსიტეტის სასწავლო
პროცესსა და საერთაშორისო პროექტებში მის მიერ შეტანილ ღვაწლზე. საზეიმო სხდომაზე წაკითხულ იქნა საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის ქალბატონ მაია ფანჯიკიძის მიმართვა, რომლითაც მან დამსწრე საზოგადოებას
აუწყა გერმანიაში საქართველოს ელჩად ლადო ჭანტურიას დანიშვნის შესახებ.
თავის საზეიმო
მოხსენებაში ლადო ჭანტურიამ ისაუბრა საქართველოზე და საქართველოში გერმანიის მხარდაჭერით
განხორციელებულ სამართლებრივ რეფორმებზე, სამართლის სფეროში გერმანულ-ქართული თანამშრომლობის
მნიშვნელობაზე, გერმანიის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ ახალგაზრდა
თაობის იურისტების მომზადების საქმეში შეტანილ წვლილზე. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი
ქართული სამართლის ევროპეიზაციის მნიშვნელობას როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა,
ისე ქართული სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში. ამ თვალსაზრისით
ხაზგასმით აღინიშნა ვილნიუსის სამმიტზე ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების
პარაფირებისა და მომავალი ერთი წლის განმავლობაში მისი ხელმოწერის ისტორიული მნიშვნელობა.
აღსანიშნავია,
რომ ლადო ჭანტურია არის პირველი ქართველი მეცნიერი იურისტი, რომელსაც გერმანიის უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ კილის უნივერსიტეტში
საპატიო დოქტორის წოდება უკანასკნელად ათი წლის წინ იქნა მინიჭებული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები, ჰამბურგის
მაქს-პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორები, ცნობილი მეცნიერები
და საზოგადო მოღვაწეები საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან
,
ასევე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
დეკანი ირაკლი ბურდული.
« იხ. ყველა სიახლე