2020-03-22

ძვირფასო სტუდენტებო!


კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ წუხილს იმის გამო, რომ ამ მოულოდნელმა გლობალურმა საფრთხემ შეცვალა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორთა სემესტრული აკადემიური გეგმები. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენს   სტუდენტებს კვლავ  მოგიწოდებთ დარჩეთ/დაბრუნდეთ სახლში და მისდიოთ სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს.

პრემიერმინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება უნივერსიტეტებში გადაიდო.  მანამდე კი, 23 მარტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი განახორციელებს ელექტრონული სწავლების ელემენტების პილოტირებას.  აღნიშნული საშუალებას მოგვცემს სასწავლო პროცესი არ გასცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც სასწავლო პროგრამებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება. ამ მიზნით, მოდიფიცირებული იქნება შეფასების სისტემაც. დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გეცნობებათ დამატებით.

გვინდა, კვლავ გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება ელექტრონული სწავლების კომპონენტებთან დაკავშირებით.

23 მარტისთვის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს LMS.TSU.GE ბაზაში სილაბუსების შესაბამისად ატვირთული ექნებათ გაციფრებული სახით ლექციების მასალები/სალექციო აუდიოჩანაწერები, ე.წ. პოდკასტების ფორმატში / სალექციო პრეზენტაციები (ნახავდით, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო და ყველა მასალა ატვირთული იქნება 23 მარტისთვის). ამისთვის მადლობას ვუხდით ყველა პროფესორს, რომელმაც იმუშავა საკუთარი კურსის ადაპტირებაზე.

ფაკულტეტის სამუშაო ჯგუფები, როგორც წესი, ამოქმედდება სალექციო მუშაობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. ამასთან, 23-28 მარტის ჩათვლით, ფაკულტეტის სასემინარო ჯგუფების ხელმძღვანელები სატესტო რეჟიმში განახორციელებენ სასემინარო ჩართვებს Zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით (მიაქციეთ ყურადღება, რომ აღნიშნული არ ეხება ყველა სემინარს, არამედ მხოლოდ იმას, რომელზეც მოგივათ მოწვევა. თუ სატესტო სემინარი დაგეგმილია და ტარდება, მოწვევა სემინარზე მოგივათ LMS.TSU.GE ბაზის შეტყობინების გრაფაში ან ელექტრონულ ფოსტაზე (შესაძლებელია გაზიარება სოციალურ ქსელშიც) და შეგიძლიათ დაემატოთ ჯგუფს. ვინაიდან სასემინარო სამუშაოები სატესტო რეჟიმში წარიმართება, ასევე, ვითვალისწინებთ რა, რომ არსებობს ელექტრონულ ფორმატთან დაკავშირებული სხვა სირთულეებიც, სალექციო/სასემინარო ონლაინ ლექცია/სემინარებზე ჩართვა მხოლოდ სასურველია და არა - სავალდებულო.

ამ მიზნით, გთხოვთ, გადმოწეროთ Zoom-ის აპლიკაცია და გაეცნოთ მისი გამოყენების ინსტრუქციას, რომელიც ერთვის წინამდებარე წერილს.

Zoom-ის პროგრამაში აუცილებლად დარეგისტრირდით თსუ-ის მეილით, რომელიც აისახა თქვენს LMS.TSU.GE ბაზის პირველ გვერდზე, ანკეტაში. გთხოვთ, პროგრამაში თქვენი სახელი და გვარი მიუთითოთ ქართული შრიფტით, როგორც ბაზაში გაქვთ მითითებული.

ამავდროულად, პროფესორები განაგრძობენ მასალების/სალექციო აუდიოჩანაწერების, ე.წ. პოდკასტების ფორმატში / სალექციო პრეზენტაციების ეტაპობრივად ატვირთვას და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა შემოთავაზებული იყოს სინქრონული ლექციების ჩატარებაც Zoom-ის გამოყენებით, რის თაობაზეც ასევე გეცნობებათ LMS.TSU.GE ბაზის მეშვეობით.

ამასთან გაცნობებთ, რომ დავალებებს მიიღებთ LMS.TSU.GE ბაზაში, თუმცა შესაძლებელია, სალექციო/სასემინარო ნაკადში ლექტორის მიერ გაიხსნას ჯგუფის ელექტრონული ფოსტის საერთო მისამართიც, რომლის მეშვეობითაც წარიმართება კომუნიკაცია სტუდენტებთან.

საყურადღებოა, რომ სოციალური ქსელი პროფესორის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტი, ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას კი სტუდენტი მიიღებს ბაზის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასევე, ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ სტუდენტს ეცნობება  LMS.TSU.GE ბაზიდან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სტუდენტთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ამ ინფორმაციაზე.

ვაცნობიერებთ, რომ შემოთავაზებულ მოდელს, მით უფრო, შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, ექნება ხარვეზები, რასაც, ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით გადავლახავთ. იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით  LMS.TSU.GE ბაზას დაემატა ახალი გრაფა - ელექტრონული სწავლების კომპონენტთან დაკავშირებული პრობლემები, საიდანაც სტუდენტებს შეეძლებათ მოგვწერონ ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების თაობაზე. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ეხება აკადემიურ ნაწილს (მასალების ატვირთვას, ლექციების ჩატარებას ან მასთან დაკავშირებულ სირთულეებს). ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით უნდა გამოიყენოთ გრაფა IT support.

ფაკულტეტის პერსონალიც, აუცილებლობიდან გამომდინარე, მეტწილად გადავიდა დისტანციური მუშაობის ფორმატზე. თქვენი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მოიწეროთ LMS.TSU.GE შესაბამისი გრაფიდან. დეკანთან კომუნიკაცია შესაძლებელია გრაფიდან „მისწერე დეკანს“.

უნივერსიტეტი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას ინტერნეტპროვაიდერებთან სტუდენტებისთვის შეღავათიანი ინტერნეტპაკეტის შეთავაზების თაობაზე, რის შესახებაც, ასევე, გეცნობებათ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

ამასთან, სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან ან არ აქვთ შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობები, სააუდიტორიო პროცესის განახლების შემდეგ ლექტორები (ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად) დამატებით კონსულტაციებს ჩაუტარებენ. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი, ხელმისაწვდომი იქნება მასალები ბეჭდური ან ელექტრონული სახით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეფასების სისტემის გადახედვა და მზადდება ცვლილებების პროექტი. ამ და სხვა დეტალებზე ამომწურავ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.



იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!

Print

« იხ. ყველა სიახლე