2014-01-27

წიგნის „ევროკავშირის მმართველობის კონსტიტუციური პრინციპები“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის 3 თებერვალს 12:00 საათზე პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზში, ( პირველი კო რპუსი,  115-ე აუდიტორია) გაიმართება სამართლის დოქტორის გიორგი ალასანიას წიგნის - ევროკავშირის მმართველობის კონსტიტუციური პრინციპები პრეზენტაცია, რომელიც  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით გამოიცა.

            წიგნი ეძღვნება ევროკავშირის თანამედროვე ინსტიტუციურ სისტემას. გამოცემაში დეტალურადაა განხილული ევროპული ინტეგრაციის თეორია, ასევე, დახასიათებულია ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკური ინსტიტუტები.

წიგნში გაანალიზებულია ევროკავშირის მმართველობის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების უახლესი ცვლილებებით. წიგნი ასახავს თანამედროვე ევროკავშირის, როგორც ინტეგრაციული ორგანიზაციის შინაარსს.

            წიგნი ქართულ ენაზე ერთ-ერთი პირველი სიღრმისეული კვლევაა ევროპული ინტეგრაციის შესახებ. წიგნის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპული სამართლის, როგორც ახალგაზრდა სამართლებრივი სისტემის, ქართული სკოლის ჩამოყალიბებას. წიგნი ემსახურება საქართველოში ევროკავშირისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ევროპასთან ინტეგრაციის არჩევანის, როგორც სტრატეგიული ამოცანის აკადემიურ მხარდაჭერას.

ახალი წიგნი განკუთვნილია ევროპულ საკითხებზე მომუშავე პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოხელეების, მეცნიერების, სტუდენტებისა და ყველა იმ პირისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპული ინტეგრაციით როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, კულტურული და სხვა კუთხით.

წიგნს საფუძლად უდევს ავტორის სადისერტაციო ნაშრომი.

Print

« იხ. ყველა სიახლე