2015-05-27

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ფრენსის გარისთვის თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია!

2015 წლის 28 მაისს, ხუთშაბათს, 12:30 საათზე თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ფრენსის გარისთვის თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია, რის შემდეგაც იგი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკაში“.

ფრენსის გარის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით თსუ აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა 2015 წლის 16 მარტის №40/2015 დადგენილებით.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (World Intellectual Property Organization - WIPO) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებული უწყება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფე როში, რომელიც აერთიანებს 188 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრია 1992 წლიდან.

WIPO-ს უმაღლესი ოფიციალური პირი საქართველოს პირველად წელს, 27–28 მაისს სტუმრობს და მას პირადად მასპინძლობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერმინისტრთან შეხვედრის დროს ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობასა და WIPO-ს შორის, რამდენადაც ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში. მემორანდუმი WIPO-სა და საქართველოს შორის გააღრმავებს თანამშრომლობას ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადმინისტრირებისა და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესება, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავება, საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობა და ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო დაწესებულების დაფუძნება.

ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს გენერალური დირექტორი შეხვედრას ასევე გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, განთლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძესთან.

თსუ WIPO-ს გენერალურ დირექტორ ფრენსის გარის ერთ–ერთი ოფიციალური მასპინძელია, რამდენადაც დაგეგმილია აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განვითარება საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში.

შეხვედრა წარიმართება ინგლისურად სინქრონული ქართულენოვანი თარგმანით.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მოცემული ფორმით:

⇛ http://goo.gl/forms/ 4hx1fO2w00

დამატებითი ინფორმაცია ფრენსის გარის შესახებ:

⇛ http://www.wipo.int/ about-wipo/en/dgo/
Print

« იხ. ყველა სიახლე