2011-06-17

"ერთა ხმა 2011"–ის პრეზენტაცია


10 ივნისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის „ერთა ხმა 2011“–ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ავალიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ბათუმის მერიის წარმომადგენელი.

საქართველოში პირველ ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას 10 ქვეყნის (იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია, კვიპროსი, ბელორუსია, თურქეთი, კორეა, სომხეთი, საქართველო) 300-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს. სტუმრები დაბინავდებიან ანაკლიის ტურისტულ ბანაკში.

ფესტივალის ფარგლებში 2011 წლის 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ხუთი კონცერტი საქართველოს სამ ქალაქში -ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. პროექტის მიზანია ქართველი და უცხოელი სტუდენტების დაახლოება, ტურიზმის განვითარება, ქართული და უცხოური კულტურების პოპულარიზაცია.
თსუ-ის ორგანიზებით პროექტი ,,ერის ხმა“ უკვე მესამედ ხორციელდება. 2009 და 2010 წლებში ფესტივალი ეროვნულ ხასიათს ატარებდა, თუმცა წელს ამ ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა.
Print

« იხ. ყველა სიახლე