კულტურის განყოფილება


სტუდენტური თეატრი

1928 წელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი ლომაიამ სცადა სტუდენტთა პირველი დრამატული წრის ჩამოყალიბება, დარბაზს მოუწყობელი სცენა ჰქონდა, ხოლო კოლექტივი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

საქართველოს უნივერსიტეტთა დასებს შორის, არც ერთს არ აღუზრდია იმდენი პროფესიონალილი მსახიობი, რამდენიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღზარდა გიორგი ლომაიას ხელმძღვანელობით.

პირველი პიესა რომელიც დასადგმელად შეარჩიეს, იყო შ. ხონელის მიერ გადმოკეთებული „პროვოკატორი“. სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა მარჯანიშვილის თეატროს ცნობილმა მსახიობმა, მოქანდაკე მიხელ სარაულმა. პრემიერის დღეს დარბაზი მაყურებელს ვეღარ იტევდა.

ამ დღიდან უნივერსიტეტის სცენაზე იდგმებოდა აქვსენტი ცაგარელის „მათიკო“, შ.დადიანის „საშინელი ღამე“ დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და სხვა.

დასის წარმატებამ მსახიობ-სტუდენტთა რეპუტაცია გაზარდა, გაიზარდა მათი შემოქმედების დონეც, საჭირო შეიქმნა სცენის გაფართოება-რეკონსტრუქცია, თეატრის შენობად გამოიყენეს სააქტო დარბაზი, გაუკეთდა ამფითეატრს ლოჟები, მოეწყო განათება და მოძრავი სცენა.

კლუბი იმავე წლის მარტის ბოლოს გაიხსნა დ. ჩიანელის პიესით „ყარაბ და ემზარი“.

1936 წლის 22 დეკემბერს გ. ლომაიამ დადგა   ესპანელი მწერლის, ლოპე დე ვეგას პიესა „ცხვრის წყარო“, სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლიდან მიღებული თანხა მთლიანად გადაეცა ესპანეთის გმირ-მებრძოლთა დახმარების ფონდს.

1937 წელს თეატრალური დასი ქალაქ ორჯონიკიძეში (ამჟამად ვლადიკავკაზი)   მიიწვიეს, სადაც 15000-მდე ქართველი ცხოვრობდა, ეს იყო დასის პირველი გასტროლი ჩრდილოეთ კავკასიაში, 45 კაციანმა ჯგუფმა წარადგინა რეპერტუარი „ჩატეხილი ხიდი“, „ცხვრის წყარო“ „იმედის“   ჩაძირვა“. წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა.

1938 წელს უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრი გადაკედა სტუდენტთა სახელმწიფო თეატრად.

1938-1939 წლების სეზონზე გ. ლომაიამ დადგა სპექტაკლი „საუცხოო შესანდობი“ რომელმაც იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მარჯანიშვილის თეატრშიც გამართეს პრემიერა. იმავე წელს დაიდგა მოლიერის პიესა „სიყვარული მკურნალობს“ სპექტაკლებმა ანშლაგით ჩაიარეს.

რეჟისორმა პეტრე გრუზინსკიმ ახლებურ სტილში წარმოგვიდგინა ლერმონტოვის „დემონი“ მან თვითონ გააფორმა სცენა და ეფექტებიც თვითონვე გამოიგონა.

1943 წელს ვიქტორ ნინიძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის სცენაზე განხორციელდა პიესა ვალერიან გუნიას „და-ძმა“, პიესა წარმოადგენს ქართული კლასიკური დრამატურგიის ნიმუშს. ამის შემდეგ ომის წლებში უნივერსიტეტის თეატრალურ დასში მუშაობა შეწყდა.

1945 წელს დასმა მოღვაწეობა განაახლა „ჰაშიმბაის სიმღეით“ რომელიც სტუდენტმა ვახტანგ გოზალიშვილმა ა. ჩაჩიბაიას მოთხრობის მიხედვით დაწერა.

სპექტაკლებს დგამდნენ დასავლეთ ევროპის ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტები, 1957 წელს ფრანგული სექციის მიერ   დაიდგა მოლიერის ერთმოქმედებიანი კომედია “პრანჭია ქალები“, ხოლო ინგლისურმა სექციამ „უინძორელი მხიარული ქალები“ დადგა.

1963 წლის გაზაფხულზე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა დ.ცისკრიშვილმა გერმანულ ენაზე დადგა ფრიდრიხ ვოლფის პიესა „ლაურენსია“, მას დახმარებას უწევდნენ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები.

1972-1973 წლებში ინგლისური განყოფილების მესამე კურსის სტუდენტებმა მოამზადეს ოსკარ უაილდის ცნობილი პიესის-„რა დიდი მნიშვნელობა აქვს იყო ერნესტი-ს“ ორი ინტერპრეტაცია

1976 წელს ინგლისური განყოფილების   კურსის სტუდენტებმა შექმნეს ე.წ „მინიატურების თეატრი“

1990-იან წლებში   თეატრალურ დასს სათავეში ჩაუდგა ზაზა წაქაზე, რომელმაც უნივერსიტეტში თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მოვიდა, მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლი დოქტორ პაპაჩის „ვალსი“, რომელმაც იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ პრემიერები რუსთავის სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრებში გაიმართა.

ამავე დროს არსებობდა უნივერსიტეტის მეორე თეატრი თამაზ მესხის ხემძღვანელობით, რომელმაც დადგა სპექტაკლი „ჩიტების ბაზარი“.

1994 წელს აღსდგა სტუდენტური დღეების ტრადიცია, რომელიც სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2000 წლის 15 სექტემბერს, რეჟისორების - გიორგი გომურაშვილის მამუკა გურჩიანისა და სამხატვრო ხელმძღვანელის - თენგიზ ყურაშვილის ინიციატივით დაარსდა თსუ-ს პლასტიკის თეატრი „სხვენი“. თსუ-ს სააქტო დარბაზის სხვენი კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობით და მსახიობთა დახმარებით გარემონტდა. დასის სახელწოდებაც ადგილმდებარეობის მიხედვით შეირჩა.

რეჟისორ გ. გომურაშვილის მიერ პანტომიმის ჟანრში დაიდგა ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, მას მოყვა ნოველებზე აგებული „ბალაგანი“ (2002 წელი) და „მხიარული ნოველები“ (2003 წელი), დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“(2004 წელი), „შვიდი იუმორესკა“ (2005 წელი).   დრამატულ ჟანრში ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა პირველი სპექტაკლი „ჭრილობა“ (2009 წელი), ანტუან დე სენტ ეგზიუპერის  "პატარა უფლისწული" (2010 წელი), განკითხვის დღე (2012).

თეატრი გეგმავს მონაწილეობის მიღებას საქართველოს პირველ სტუდენტურ თეატრალურ ფესტივალში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები.

თეატრი აქტიურად იღებს მონაწილეობას ყველა საუნივერსიტეტო ღონისძიებაში. დასის წევრი შეუძლია გახდეს ნებისმიერ სტუდენტს არტისტული მონაცემებით. სტუდენტური თეატრის ქასთინგი ტარდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ორ ძირითად ტურად. კანდიდატებს ამოწმებენ პლასტიკასა და მხატვრული კითხვის ხელოვნებაში, რომელიც კონკრეტული დავალების სახით ეძლევთ მათ.

 

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი

1928 წელს უნივერსიტეტში დაარსდა მომღერალთა გუნდი გრიგოლ კოკელიძის ხელმძღვანელობით, იგი მაშინ ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და პარალელურად თბილისის სახემწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლობდა. მომღერალთა გუნდმა 1929 წელს საქართველოს მომღერალთა გუნდის მეორე ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა

ეს იყო ქალ-ვაჟთა გუნდი რომელიც 50 კაცისგან შედგებოდა და საკმაოდ დიდი რეპერტუარი ჰქონდა.გუნდი წარმატებით ახორციელებდა როგორც ქართულ ხალხურ, ასევე ევროპულ სიმღერებს.

1932-1933 სასწავლო წლებში სტუდენტთა ვოკალური გუნდის ჩამოსაყალიბებლად   უნივერსიტეტში მიიწვიეს კომპოზიტორი კოტე ფოცხვერიშვილი. სტუდენტთა გუნდი ოთხხმიანი იყო და სხვადასხვა კურსის და ფაკულტეტის სტუდენტებს აერთიანებდა.

კოტე ფოცხვერიშვილმა გადაწყვიტა გუნდისთვის ფანდური და ჩონგური, ისევე როგორც სხვა ხალხური ინსტრუმენტები გამოეყენებინა საგუნდო სიმღერის შესასრულებლად, რისთვისაც მან ჩონგურის საუკეთესო მცოდნე აქვსენტი მეგრელიძე მოიწვია. მიუხედავად დიდი წარმატებისა გუნდმა 1934 წელს არსებობა შეწყვიტა.

1937 წელს მომღერალთა საერთო-საუნივერსიტეტო გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა აქვსენტი მეგრელიძე, გუნდის რეპერტუარი შედგებოდა როგორც კლასიკური ისე ქართული ხალხური სიმღერები.

გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე აკაკი ურუშაძემ   ჩამოაყალიბა შესანიშნავი გუნდი მალე მას მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

არჩილ მესხიძემ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამოაყალიბა 35 კაციანი მომღერალთა ჯგუფი, რომლის რეპერტუარშიც შედიოდა როგორც თანამედროვე ასევე ხალხური სიმღერა.

1947 წელს სოლომონ გველესიანის ხელმძღვანელობით   შეიქმნა თვითმოქმედი კაპელა, სადაც გაერთიანებული იყო 170 სტუდენტი. მისივე ინიციატივით ყველა ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა მომღერალთა გუნდები, ისინი დამოუკიდებლად გამოდიოდნენ, ამასთანავე სწავლობდნენ საერთო სიმღერებს.

უნივერსიტეტის მომღერალთა გუნდი გამოდიოდა ყველა ოლიმპიადაზე და ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა

სოლომონ გველესიანის ხელმძღვანელობით გუნდმა მოამზადა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პირველი და მეორე აქტის საგუნდო პარტია.

1979 წელს უნივერსიტეტის ვოკალური ანსამბლი ნორვეგიას ეწვია, ოსლოს ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში - „კონცერტ ჰაუსში“ მომღერლებმა იშვიათი შთაბეჭდილება დატოვეს მაყურებლებზე. ამ დროისთვის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს ხელმძღვანელობდა   ქართული სიმღერის შესანიშნავი მცოდნე, უზადო პედაგოგი კოტე მშვიდობაძე.

1990-იანი წლების დასაწყისში მამუკა დოლიძემ ჩამოაყალიბა უნივერსიტეტის კლასიკური მუსიკის კამერული ორკესტრი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში, ორკესტრი მიიწვიეს გერმანიისა და ჰოლანდიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

2001 წელს თამაზ მამალაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ვაჟთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი, რომელმაც არაერთი გრან-პრი მოიპოვა.მათი გასტროლები  მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით დაგვიგვინდა.

2000-იანი წლების დასაწყისში რობერტ გოგოლაშვილმა ჩამოაყალიბა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი უნივერსიტეტი (დღეს „ ქართული ხმები“), რომელიც წარმატებით აგრძელებს უნივერსიტეტის ტრადიციებს. ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერა. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ძველი ქართული სიმღერების მოძიებასა და დამუშავებაზე. ანსამბლი შედგება 15 წევრისგან, ხელმძღვანელი - ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი ვ. დოლიძე.

ანსამბლში მოხვედრა შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს ვოკალური მონაცემები. ამისათვის სტუდენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა შერჩევაში, რომელიც პერიოდულად ტარდება. საუკეთესო კანდიდატები კი აუცილებლად მოხვდებიან ანსამბლში.

 

ქორეოგრაფიული ანსამბლი

1934 წელს ცნობილი ქოროგრაფის-ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ქორეოგრფიული წრე, რომელიც 50 მოცეკვავეს აერთიანებდა და რომელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი   რეპერტუარი ჰქონდა.

მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში იხვეწებოდა საქართველოს ყველა კუთხის ცეკვა. 1937 წელს ხალხური ცეკვების მეორე ოლიმპიადაზე უნივერსიტეტის ანსამბლის ორი წევრი პირველ ადგილზე გავიდა.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ასევე მონაწილეობდა უნივერსიტეტის თეატრალური დასის მიერ გამართულ დადგმებში.

1948 წლიდან, ჯანო ბაგრატიონის წასვლის შემდეგ, უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლს სათავეში ჩაუდგა რომან ჭოხონელიძე. მის დროს სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით დადგა ცეკვები: „ყაზბეგური“, „ფერხული“, „ფარიკაობა“, „ხორუმი“, „განდაგან“ და სხვა. 1951 წელს მე-7 სტუდენტურ ოლიმპიადაზე ანსამბლმა ოქროს მედალი აიღო.

1955 წელს ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად ი. ზედაშიძე დაინიშნა, 1958 წელს ის ილიკო სუხიშვილმა თავისთან წაიყვანა, სადაც 7 წელი მოღვაწეობდა.

1962 წლის 24 ივნისს ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ოპერა „დაისი“ წარმოადგინა.

1968 წელს, უნივერსიტეტის 50 წლისთავთან დაკავშირებულ იუბილეზე ანსამბლმა დიდი საიუბილეო პროგრამა წარუდგინა მაყურებელს.

1979 წელს ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ სუხიშვილი, რომელმაც თენგიზ ყურაშვილთან ერთად შექმნა განახლებული გუნდი, რომლის წევრებიც უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან შეკრიბეს, მალევე განახლებულმა ანსამბლმა სტუდენტურ ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა.

1981წელს   სხვადასხვა რესპუბლიკურ ღონისძებებში აქტიური მონაწილეობისათვის ანსამბლი მივლინებული იქნა ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალზე დასასწრებად.

1982-2002 წლიდან ანსამბლის ხელმძღვანელობა ჩაიბარეს შალვა ყურაშვილმა და ნელი ხაჟომიამ, ამ პერიოდში ანსამბლმა მოიპოვა უამრავი გრან-პრი როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

2002 წლიდან ანსამბლის ხელმძღვანელად მოწვეული იქნა ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე დავით კიკვაძე.   ქორეოგრაფიული ანსამბლი დამკვიდრდა როგორც ანსამბლი „უნივერსიტეტი“.2007 წელს   ბულგარეთში, გრან-პრი, 2008 - წელი, გრან-პრი ფესტივალზე „გრანდ კანარია“, 2009 წელი - იტალია, ტურნე სახელწოდებით „Flying Georgians“ სიცილიაზე, 2010 წელი - ფესტივალის ლაურეატი ესპანეთში, ვალენსია. 2011 წელი - I ადგილი ნაციონალური ცეკვების ფესტივალი, იტალია, სიცილია, ქ. აგრიჯენტო, 2012 წელი-საუკეთესო ანსამბლის წოდება, ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში, იტალია, სიცილია, ქ.პეტრალია, ქ. სოტანა, ქ.რეალმონტე, ქ.ვიგარი, ქ.პალერმო, ქ.მესინა, ქ.კატანია, ქ.კორლეონე.

ანსამბლში მიიღებიან უნივერსიტეტის სტუდენტები მათი მომზადების დონის საფუძველზე.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი 2

ჩამოყალიბდა 2009 წელს და მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში. მოპოვებული აქვს საუკეთესო ანსამბლის წოდება მუსიკალურ კონკურსში „მეგა“ - 2010 – 2011 წელი.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ ყურაშვილი. მთავარი ქორეოგრაფი 2002 წლიდან არის დავით კიკვაძე, რომელმაც 2012 წელს მოიპოვა საუკეთერსო პედაგოგ - ქორეოგრაფის წოდება ბულგარეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან, ანსამბლის ქორეოგრაფები - ეთო კლდიაშვილი და ზვიად თაყაიშვილი.

 

გოგონათა ვოკალური ანსამბლი

გოგონათა ხალხური სიმღერის ანსამბლი 1936 წელს აქვსენტი მეგრელიძის მიერ ჩამოყალიბდა, გუნდი ხალხური საკრავების თანხლებით მღეროდა, მასში 40 გოგონა შედიოდა. მომღერალთა გუნდი 1939 წელს დაიშალა, უნივერსიტეტს კი დიდი ხნის მანძილზე არ ჰყოლია მხოლოდ გოგონებისგან დაკომპლექტებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი.

„თსუ-გორდელა“ ჩამოყალიბდა 2007 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მასში გაერთიანებულია თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 8 გოგონა.

 ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს მელოდიების ფართო სპექტრს, რომელსაც მივყავართ ადრეულ შუა საუკუნეებამდე და ამასთანავე პირვანდელი სახით ინარჩუნებს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემონახულ სულიერებით აღსავსე, უძველესი წარმომავლობის მქონე თვითმყოფად და გამორჩეულ მუსიკალურ კულტურას.

ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული მუსიკა წარმოადგენს საქართველოს სხვა და სხვა კუთხის კოლორიტს და არანჟირებულია ანსამბლის ხელმძღვანელის, ვლადიმერ (თამაზ) მამალაძის მიერ.

„თსუ გორდელა“ ასრულებს მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, როგორც კაპელა, ასევე ინსტრუმენტების თანხლებით. მისი წევრები უკრავენ უძველეს ქართულ ხალხურ საკრავებზე, როგორიცაა: ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ჩანგი, სალამური, ჭიბონი, ლარჭემი, დოლი, დაირა, დიპლიპიტო და გარმონი.

„თსუ გორდელას გამართული აქვს მრავალი კონცერტი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში, ჯ. კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, შ. რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო თეატრსა და სხვა.

 ანსამბლი საქართველოში გამართული ყველა მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიების მონაწილეა, 2012 წლის სექტემბერში თსუ გორდელა მიწვეულ იქნა საფრანგეთში, ლევილში ქართული სათვისტომოს 90 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე.

მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, ანსამბლმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რაც მისი წევრების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

 

თანამედროვე ცეკვების ჯგუფი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი   ჯგუფი 2011 წელს ჩამოყალიბდა. დღეისათვის ის აერთიანებს რამდენიმე მიმდინარეობას: ლათინო-ამერიკულ და ევროპულ ცეკვებს, გოგონათა გულშემატკივარ გუნდსა და ჰიპ-ჰოპს.

2011 წელსვე ჩამოყალიბდა ანსამბლი   „თსუ მოდერნი“ რომელიც აერთიანებს როგორც ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამას, ასევე გულშემატკივარი გოგონების ჯგუფს (Cheerleading) .

2012 წელს თანამედროვე ცეკვების ბაზაზე შეიქმნა ჰიპ-ჰოპის ჯგუფი და ანსამბლი „თსუ ქრიუ“.

თანამედროვე ცეკვების ეს გუნდები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონცერტებსა და კონკურსებში მთელი საქართველოს მასშტაბით. „თსუ-მოდერნის“ მოცეკვავეები ხშირად ასპარეზობენ სხვადასხვა საკლუბო ტურნირებში, რომლებშიც მოპოვებული აქვთ მრავალი საპრიზო ადგილი.  

ჰიპ-ჰოპს ასწავლის უკრაინელი ქორეოგრაფი დიმიტრი პიხტინი, ხოლო გულშემატკივარ გოგონათა გუნდის,   ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების ქორეოგრაფია -  მარი ოთიაშვილი.

TSU-ART

ბენდი ჩამოყალბიდა 2011 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე , თავდაპირველად ბენდი შედგებოდა 6 წევრისგან : 3 პერკუსია , ბასს გიტარა , სოლო გიტარა და დრამი , 2012 წელის ივნისში ბენდი დატოვა დრამერმა და მის ნაცვლად ბენდს დაემატა Dj/Producer – A2K და ვოკალისტი / მუსიკოსი აჩო ზამბახიძე .  

ბენდის დებიუტი შედგა საქართველოს 2011 წლის სტუდენტურ დღეებზე , შემდეგ იყო არტ გენი 2011“ და სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტები , ხოლო წლის ბოლოს სოლო კონცერტი კლუბ ტრიუმფში “.

2012 წელს ბენდმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა პროექტ ნიჭიერში სადაც , გავიდა ფინალში და გახდა ჯეოსელის და „Prime Time”- ის რჩეული . 2012 წლის განმავლობაში ბენდმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სატელევიზო შოუებში და კონცერტებში საქართველოს სხვადასხვა რეგინებში .

 

მან - სან - კან

უნივერსიტეტში ტრადიციულად არსებობდა მხიარულთა და საზრიანთა კულუბი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 60 იან წლებში.

 1990-იან წლებში კლუბში მონაწლეობდნენ ისეთი ნიჭიერი იუმორისტები , როგორებიც არიან დავით გოგიჩაიშვილი, ალეკო მალხაზიშვილი,   ვანო ჯავახიშვილი  და სხვა მრავალი, მაგრამ სამწუხაროდ 2005 წელს მან–სან–კან - მა შეწყვიტა არსებობა. იგი კვლავ აღსდგა 2008 წელს სტუდენტური თვითმმართველობის და მისი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი შამათავას დიდი ძალისხმევით.

 ამჟამად, თსუ-ში ყოველწლიურად იმართება შიდა ჩემპიონატი,  დღეისათვის უნივერსიტეტს  ჰყავს ძლიერი იუმორისტული  გუნდი  რომელიც გახლავთ საქართველოს მუსიკალური ფესტივალის ჩემპიონი (2009 წელი) და საქართველოს ჩემპიონი (2010 წელი)

იუმორისტული გუნდის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტუდენტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მონაცემები. გუნდში დამკვიდრების მსურველთა შერჩევები ასევე სწავლის დაწყებასთან ერთად იწყება და პერიოდულად იმართება.

 

სპორტის განყოფილება

ალპინიზმი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალპინიზმის სექციის დაარსება, ალპინიზმის   საქართველოში დაფუძნებას უკავშირდება . 1923 წლის 28 აგვისტოს და 3 სექტემბერს განხორციელდა პირველი ალპინისტური სვლა „მყინვარწვერზე“ (5043 მ.) მას ხელმძღვანელობდნენ თსუ-ს პროფესორები გიორგი ნიკოლაძე და ალექსანდრე დიდებულიძე, ამ ასვლის თითქმის ყველა წევრი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და მათ შორის 5 მანდილოსანი. ეს ასვლები, მასობრიობის გარდა, გამოირჩეოდა იმითაც, რომ „მყინვარწვერზე“ მთელი მისი ალპინისტური ისტორიის მანძილზე (1868 – 1923 წლები)   ქალთა სქესის ამდენი წარმომადგენელი საერთოდ არ ყოფილა.

თსუ-ს ალპინისტური სექცია, 1989 წლიდან კი „თსუ-ს ალპინისტთა კლუბი“ არის ქართველ მთამსვლელთა კადრების მომზადების უმთავრესი კერა ( ქართველ ალპინისტთა 75% თსუ-ს აღზრდილია)

1924 წელს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან იქმნება მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილება, რომელსაც სათავეში გიორგი ნიკოლაძე უდგება. დაახლოვებით ამავე პერიოდში გ. ნიკოლაძე თსუ-ში აყალიბებს ალპინისტურ სექციას.

მასობრივი სტუდენტური ალპინიადა იმართება 1936 წლიდან, მასში უამრავი სტუდენტი მონაწილეობს და საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში ეწყობა.

მასობრივი ასვლების ძირითადი მიზანია ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება, ჩვენი მთის ეკოლოგიურ პრობლემათა შესწავლა-მოგვარებაში სტუდენტ ახალგაზრდობის ფართე მასების ჩაბმა; მთის რეგიონებში განთავსებული რელიგიური და ისტორიული ძეგლების მოვლა პატრონობაში ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმა და სხვა.

თსუ-ს ალპინისტთა კლუბი ყოველ წელს რეგულარულად მართავს ორ, ზაფხულისა და შემოდგომის მასობრივ ალპინიადას სადაც თსუ-ს ასობით სტუდენტი მონაწილეობს, ასევე ყოველწლიურად ეწყობა სპორტულ საკველიფიკაციო შეკრება კავკასიონზე, მთამსვლელთა კვალიფიკაციის ასმაღლებლად.

1956 წლიდან თსუ ალპსექციას, ხოლო 2001 წლიდან საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას სათავეში უდგას თსუ-ს ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო კლასის ოსტატი ალპინიზმში, შოთა მირიანაშვილი.

 

კალათბურთი

1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კალათბურთელთა 12   გუნდი ჰყავდა, მაშინ საუკეთესონი ერთ ძლიერ გუნდში გაერთიანდნენ და 1925 წელს თბილისის ჩემპიონები გახდნენ. ორი სეზონის შემდეგ კი უნივერსიტეტმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, უნივერსიტეტის ღირსებას იცავდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვახტანგ ციციშვილი, ვახტანგ და რობერტ მდივნები, განსაკუთრებული წვლილი ჩვენი კალათბურთის განვითარებაში 40-50 იანი წლების სპორტსმენებს მიუძღვით. უნივერსიტეტი ბრწყინავდა, როდესაც აქ სასწავლებლად ლეგენდარული ნოდარ ჯორჯიკია, მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე მოვიდნენ.

1940-იან   წლებამდე ქალთა გუნდებში მხოლოდ არაქართველები თამაშობდნენ, გამონაკლისი იყო თამარ გეგელაშვილი. 1944 წელს უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგის, შალვა დიასამიძის ინიციატივით შეიქმნა ქალ-კალათბურთელთა გუნდი, რომელმაც 1948 წელს ჩემპიონობა მოიპოვა.1952 წელს გუნდს სათავეში ჩაუდგა დავით ქამუშიძე.

60-იან წლებში თსუ-ში ძლიერი თაობა შეიკრიბა ავთანდილ წერეთელის, ვახტანგ ცხადაძის ალექსი გერასიმოვისა და სხვათა სახით.

1962 წელს თბილისის „დინამომ“ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიგო, ამ გამარჯვების მონაწილე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ილარიონ ხაზარაძე იყო.

1964 წელს ქ.ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ქალთა და ვაჟთა გუნდებმა პირველი ადგილი დაიკავეს, რაც 1970 წელს განმეორდა.

1973-1974 წლებში უნივერსიტეტის ქალთა გუნდმა უმასპინძლა ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის გუნდებს, ხოლო შემდეგ სტუმრტად იმყოფებოდა მათთან და 6 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგეს ვარშავის უნივერსიტეტთან.

1971-80 წლების ქალთა და ვაჟთა კალათბურთის გუნდმა ბრწყინვალე ფურცლები ჩაწერეს საუნივერსიტეტო კალათურთის ისტორიაში, ესენი იყვნენ: მაყვალა კვინიკაძე, ნატო ლორია, ასმათ ჯანაშია, ლალი ფაჩულია, თამარ ნაჭყებია, ზაზა ბახტურიძე, გოჩა ბაბუნაშვილი, ელდარ კაპანაძე, ნუგზარ მარკოიშვილი, ნუგზარ ჭეიშვილი, ამირან სანიკიძე, ირაკლი დვალი და სხვა. ამ კალათბურთელთა 80% საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები იყვნენ.

1979 წელს ქალთა და ვაჟთა გუნდებმა „ქარიშხალას“ სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვეს

1974 წლიდან ვაჟთა გუნდს სათავეში ედგა ნუგზარ მარკოიშვილი, მისი თაოსნობით 1986-1987 წლებში უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა საქართველოს პირველობა მოიპოვა, ხოლო 1986 წელს ამიერკავკასიის თამაშებში უნივერსიტეტმა გაიმარჯვა.

1988-1990 წლებში გუნდს სათავეში გიორგი ქორქია ედგა. ამ წლებში ქალთა გუნდმა საქართველოს სპარტაკიადაზე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ვაჟთა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

ვაჟთა კალათბურთის გუნდმა 1991.1993, 1995 წლებში ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო 1996 წელს სტუდენტურ დღეებზე გაიმარჯვა.

1998 წლიდან ქალთა გუნდი წამყვანი იყო მთელ საქართველოში, 2010 წლამდე ზედიზედ მოიპოვა საქართველოს თასი და ჩემპიონობა, ამ პერიოდში გუნდს წვრთნიდა ელდარ კაპანაძე და იანა ავსაჯანიშვილი.

უკანასკნელ წლებში თსუ-ს ვაჟთა საკალათბურთო გუნდმა წარმატებულად იასპარეზა საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონატზე:

2009-2010 წ. სეზონი - ვერცხლის მედალი, 2010-2011 წ. სეზონი - ვერცხლის მედალი, ასევე 2010-2011 წ. სეზონზე თსუ-ს გუნდი გახდა ქორქია-საკანდელიძის მემორიალური თასის გამარჯვებული.

2012-2013 წ. სეზონისათვის მხოლოდ ვაჟ კალათბურთელთა გუნდი შედგა, მათ 1-ელ აგვისტოს დაიწყეს მზადება და სეზონის დასაწყისისთვის, ოქტომბერში, თსუ უძლიერესი გუნდით წარსდგა გულშემატკივრის წინაშე.


ათლეტიზმი

1918 წლის 25 აგვისტოს პროფესორ გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით, საქართველოში პირველად, შეიქმნა სატანვარჯიშო სპორტული საზოგადოება „შევარდენი“, რომელიც აერთიანებდა მძლეოსნობის, ძალოსნობის, ფარიკაობის, ჩოგბურთის, სროლის სექციებს, სექციებში ჩაბმულნი იყვნენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტობა, ასევე მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა გიმნაზიებიდან  

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ატლეთიზმის სექცია 1960-იან წლებში დაარსდა კონსტანტინე ზაუტაშვილის მიერ.

1980 წელს შეიქმნა ათლეტიზმის კლუბი „ამირანი“, რომელიც 2007 წლიდან უნივერისტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის   შემადგენლობაშია.   თავისი მოღვაწეობის მანძილზე ათლეტიზმის კლუბმა მრავალჯერ მოიპოვა საერთაშორისო ტურნირების პირველობა, 1993 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპოინატზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი, 1994-1995 წლებში 10 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი, 1997-2011 წლებში აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 36 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი. კლუბის პრეზიდენტია ზურაბ ჭავჭანაძე.

კლუბის წევრი შეუძლია გახდეს უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შესაბამისი ფიზიკური მომზადებით.

 

მშვილდოსნობა

უნივერსიტეტის მშვილდოსნობის სექცია დაარსდა 1972 წელს ბ-ნ გივი დავითაშვილის მიერ და არსებობის მანძილზე აღზარდა როგორც საქართველოს, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები (ქეთევან ლოსაბერიძე - 1980   წელი).

თსუ-ს მშვილდოსანთა გუნდი მონაწილეობას იღებს ტურნირებში საქართველოს პირველობისთვის, სადაც ასევე მონაწილეობენ ქუთაისის, ბათუმის და ახალციხის გუნდები, 2012 წელს თსუ-მ მოიპოვა გუნდური პირველობა თბილისის თასზე, ხოლო სპორტულ უნივერსიადაზე III ადგილი დაიკავა.

პირველ ეტაპზე მშვილდოსნების შერჩევა მათი შესაძლებლობების შემოწმებით ხდება, რეგისტრაციის გავლა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. გუნდის მთვარი მწვრთნელი არის FITA-ს I ხარისხის სერთიფიცირებული მწვრთნელი, ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატის მფლობელი დავით თევდორძე.  

 

 

ფრენბურთი

ფრენბურთის განვითარება საქართველოში 1926 წლიდან ენთუზიასტთა მცირე ჯგუფმა დაიწყო. ხშირად ფრენბურთის ბადის უქონლობის გამო სატანვარჯიშე კიბეს იყენებდნენ, რასაც სათანადო სიმაღლეზე სპეციალურად მართავდნენ.

ფრენბურთმა პოპულარობა მოიპოვა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, შეიქმნა გუნდები და 1958 წლიდან ფრნბურთი გახდა საუნივერსიადო სპორტი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდი ოფიციალურად 2010 წელს ჩამოყალიბდა, ამჟამად უნივერსიტეტში ქალთა და ვაჟთა ფრენბურთის ნაკრებები მოღვაწეობენ, გოგონათა გუნდმა ყარსში გამართულ ამიერკავკასიის უნივერსიადაზე მონაწილეობა მიიღო სამჯერ და სამივე ჯერზე პირველი ადგილი დაიკავა, თსუ-ს ფრენბურთელთა ნაკრებს საქართველოს უნივერსიადაზე ასევე სამჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ხოლო    2011-2012 წლის სეზონზე, საქართველოს ჩემპოიონატში 8 გუნდიდან მე-4 ადგილი დაიკავა. ტურნირები ტარდება როგორც პლაჟის ისე კლასიკურ ფრენბურთში.

სტუდენტური გუნდი შედგება 25 მოთამაშისგან, რომელთა შერჩევაც ხდება ქასთინგის საფუძველზე, ქასთინგში მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. გუნდის მთავარი მწვრთნელი თამარ დიდებაშვილი.  

 

 

მკლავჭიდი  

1989 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტიში ჩატარდა პირველი ჩემპიონატი მკლავჭიდში, საქართველოს მასშტაბით. 1989 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა ერეკლე გურჩიანი, რომელიც დღეისათვის მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია. თსუ-ში მკლავჭიდის პირველი გუნდი 1989 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მრავალ ჩემპიონატზე გახდა საპრიზო ადგილების მფლობელი. 2011-2012 წლებში თსუ-ს მკლავჭიდის გუნდმა უნივერსიტეტებს შორის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.

საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებში ხშირად ხვდებიან თსუ-ს გუნდის წევრები.

 

მაგიდის ჩოგბურთი

მაგიდის ჩოგბურთის სექცია გაიხსნა 1990-იან წლებში, თსუ-ს მაგიდის ჩოგბურთელთა გუნდი მონაწილეობას იღებს საქართველოს უნივერსიადაში, სადაც 2005 და 2006 წელს დაიკავა I ადგილი. თსუ-ს გუნდმა ასევე I ადგილი დაიკავა თურქეთში, ყარსის უნივერსიტეტში გამართულ უნივერსიადაზე.

პირველ ეტაპზე სექციაზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელთაგან მოხდება საუკეთესო ფიზიკური მონაცემების მქონე სტუდენტების შერჩევა და გაწვრთნა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, - დავით თევდორაძე

 

ფუტსალი

უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩამოყალიბდა 2007 წელს და წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში. ფუტსალის გუნდი მონაწილეობას იღებს ტურნირში საქართველოს პირველობისთვის, სადაც 2011-2012 წლის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა

 თსუ-ს ფუტსალის გუნდი ბენდელას თასის მფლობელია, 2012 წელს თსუ-ს გუნდმა III ადგილი დაიკავა ესპანეთში, ქალაქ კორდობში გამართულ ევროპის   უნივერსიადაზე. აღსანიშნავია, რომ გუნდის 6 წევრი ამავე დროს საქართველოს ფუთსალის ნაკრები გუნდის წევრია, ხოლო მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე საქართველოს ნაკრებს წვრთნის.

პირველ ეტაპზე გუნდის წევრების შერჩევა მათი შესაძლებლობების შემოწმებით ხდება, რეგისტრაციის გავლა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.

 

 

ხელბურთი

საქართველოში ხელბურთის განვითარება 1958 წელს დაიწყო. ხშირად ეწყობოდა საერთაშორისო მატჩები. 1966 წლიდან ეწყობოდა თბილისის ტურნირი, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ.

1964 წელს სტუდენტთა თამაშებს მასპინძლობდა ლიტვა. ქალაქ კაუნაში გამართულ ხელბურთის ჩემპიონატზე მონაწილეობას ღებულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ფინალში კაუნას უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ პერიოდში ჯიმშერ აფშილავა იყო, ხოლო მოთამაშეებს იმედო ფხაკაძე, ბორის კოპალეიშვილი, ანზორ ექსეულიძე, ჯემალ ცერცვაძე და სხვანი წარმოადგენდნენ

1965 წლიდან სტუდენტთა თამაშებმა ფორმა იცვალა, ჩემპიონატები ტარდებოდა ნაკრებ გუნდთა შორის.

თბილისის „ქარიშხალა“ წარმოადგენდა ძირითადად თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელიც წარმატებით ასპარეზობდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირებში. 1965, 1966 და 1967 წლებში თბილისის ქარიშხალამ საბჭოთა კავშირის მეორე ადგილის მფლოობელი გახდა.  

1992 წლიდან საქართველოს ეროვნული გუნდები დამოუკიდებლად მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს შესარჩევ ტურნირებში, ცალკეული გუნდები კი ევროპის საკლუბო შეჯიბრებებში  

უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელბურთის  გუნდი 2011 წელს ჩამოყალიბდა, და პირველივე - 2011-2012 წლის სეზონზე საქართველოს ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა.