2018-11-15

მრგვალი მაგიდა - "აფხაზეთი, მეხსიერება და ტრავმული ისტორიის რეპრეზენტაციის ფორმები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა - "აფხაზეთი, მეხსიერება და ტრავმული ისტორიის რეპრეზენტაციის ფორმები", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები, კულტურისა და ლიტერატურის მკვლევრები.

ღონისძიებაზე ფილოლოგიის დოქტორმა, თეა კალანდიამ წარმოადგინა წიგნი „14 გიგაბაიტი“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 12 ხელოვნის მეხსიერების ბარათებისგან შედგება. წიგნი უახლესი ისტორიული გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ ტრამვული გამოცდილება შემოქმედებად. ავტორის განმარტებით, „წიგნი არ ეხება არც ომსა და არც მშვიდობას, ამბავია მათზე, ვინც წყენა ხელოვნებად აქცია. წიგნის სახელი „14 გიგაბაიტი“ სიმბოლურია. „რატომ „14 გიგაბაიტი“? აფხაზეთის ომი მიდიოდა 13 თვე და 13 დღე. მინდოდა, რომ ეს საკრალური 13 აღარ განმეორებულიყო, იმიტომაც არის მეთოთხმეტე და ეს მეთოთხმეტე არის თომა პაპასკირი. ბოლო თავს ჰქვია ხვალ - 13 წლის ბიჭი, რომელსაც არ უნახავს, მაგრამ წერს სოხუმზე, ოცნებობს მეზღვაურობაზე და ხატავს,“ - აღნიშნა თეა კალანდიამ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა და არაჩვეულებრივი წიგნის - „14 გიგაბაიტი“ პრეზენტაცია გაიმართა. „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იშვიათად თუ წამიკითხავს ასეთი რამ აფხაზეთზე. ეს არის სრულიად ახალი სიტყვა აფხაზეთზე, ძალიან დიდი ფიქრის შედეგად შექმნილი წიგნი. წიგნი, რომელმაც აფხაზეთი სხვა თვალით დაგვანახა და კონცეპტუალურად მოგვცა საშუალება, ჩვენც გავხდეთ ამ წიგნის ავტორები,“ - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.






Print

« იხ. ყველა სიახლე