2012-10-26

მარკ დოელს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

26 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბრიტანეთის შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის პროფესორის მარკ დოელისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა.       
შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მარკ დოელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  2005 წლიდან თანამშრომლობს. ამ წელს თსუ სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებამ პირველად მოიპოვა ევროკომისიის ტემპუს/ტასისის  3 წლიანი გრანტი (”სოციალური მუშაობის განათლების დაფუძნება საქართველოში” - ESWEG). პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი იყო პროფ. მარკ დოელი.
თსუ-სა და შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტებს შორის დადებული ხელშეკრულების (2010 წ.) თანახმად, თსუ სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტს  შესაძლებლობა აქვს, თსუ სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხის პარალელურად მოიპოვოს შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის სოციალური ზრუნვის მაგისტრის ხარისხი. 
მარკ დოელის ძალისხმევით დაარსდა ინგლისურენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი - ” სოციალური მუშაობა და სოციალური პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში”, რომელიც ამ პროფილის და სტატუსის ერთადერთი ჟურნალია საქართველოში სოციალური მეცნიერებების სფეროში.
მარკ დოელი არის საქართველოში ახალი დარგის - სოციალური მუშაობის ფუძემდებელი.  სოციალური მუშაკის პროფესია დღეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული  სოციალური პროგრამების ერთ-ერთი საყრდენი ინსტრუმენტია. თსუ საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც კვალიფიციური სოციალური მუშაკების გამოშვებას უზრუნველყოფს.


Print

« იხ. ყველა სიახლე