2016-04-12

საერთაშორისო კონფერენცია - ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა:ტექსტები და კონტექსტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით 2016 წლის 7-8 ივნისს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები.

კონფერენცია ეძღვნება ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსრულების  300 წლისთავს.
 
კონფერენციის მიზანია:

•ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის როლისა და ადგილის განსაზღვრა თანამედროვე კულტურაში;
•ანთიმოზ ივერიელის, როგორც კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითის წარმოჩენა;
•მულტიკულტურალიზმის დაფუძნების ანთიმოზისეული ვერსიის წარმოჩენა;
•ანთიმოზ ივერიელის განმანათლებლური ტექსტების სხვადასხვა დისკურსთა (ღვთისმეტყველება, კანონიკა, პატრისტიკა, ფილოსოფია, ქრისტიანული ეთიკა, მორალი, ესთეტიკა, რიტორიკა, ფილოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორია, ხუროთმოძღვრება) კონტექსტებში განხილვა ;
•ანთიმოზ ივერიელის წვლილის განსაზღვრა განათლების, მეცნიერების, ხელოვნების და ხუროთმოძღვრების, საგამომცემლო საქმიანობის, პოლიტიკის და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში ევროპული საგანმანათლებლო კონცეპტების განვითარების საქმეში.

კონფერენციის ამოცანაა  საერთაშორისო კვლევის ფოკუსში მოაქციოს ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობის კულტურულ-ისტორიულi მნიშვნელობა, რაც ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს.

განსაკუთრებით მივესალმებით ანთიმოზ ივერიელის  მემკვიდრეობის გარშემო ყველა სფეროში წარმოდგენილ მოხსენებებსა და შედარებითი კვლევის შედეგებს.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, რუმინული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი და მოხსენების ანოტაცია.იხ. დანართი

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:ketevan.tskhvariashvili277@hum.tsu.edu.ge, mikheilbarnovi@gmail.com, giorgi.grigolashvili@tsu.ge არაუგვიანეს 2016 წლის 30 აპრილისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.

კონფერენციის გახსნება: 2016 წლის 7 ივნისს, 10:00 საათზე.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

Print

« იხ. ყველა სიახლე