ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

06.07.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 238

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოენოვანი სასწავლო კურსების ამოქმედების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოური ენების სწავლების ხარისხის ამაღლების, გაცვლითი პროგრამების მონაწილე უცხოელი სტუდენტების მომსახურების გაუმჯობესების და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, 2009–2010 სასწავლო წლიდან ამოქმედდეს უცხოენოვანი (ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულენოვანი) სასწავლო კურსები არსებული საუნივერსიტეტო კურიკულუმის ფარგლებში.
2. უცხოენოვანი (ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულენოვანი) სასწავლო კურსების სილაბუსები წარდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 1 სექტემბრისა. 
3. ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით უზრუნველყოს უცხოენოვანი სასწავლო კურსების ტექნიკური მონიტორინგი და აკადემიური ექსპერტიზა, არაუგვიანეს 2009 წლის 15 სექტემბრისა.
4. იმისათვის, რომ აკადემიური ექსპერტიზის შედეგად შერჩეული უცხოენოვანი სასწავლო კურსების ავტორს მიეცეს უცხოურ ენაზე შესაბამისი სასწავლო კურსის წარმართვის უფლება, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნა:
ა) წარმოადგინოს შესაბამისი უცხო ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან

ბ) წარმოადგინოს უცხოეთის ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულენოვან უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მოპოვებული ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
გ) წარმოადგინოს  უცხოეთის უნივერსიტეტში ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე სასწავლო კურსის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
დ) ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის შესაბამის დონეზე ფლობა დაადასტუროს თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე შექმნილი სპეციალური კომისიის წინაშე საჯარო ლექციის ჩატარებით.  
5. უცხოენოვანი სასწავლო კურსების ანაზღაურების საკითხი დარეგულირდეს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
6.  კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
7. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,

რექტორი