დადგენილება №33/2019
26 მარტი, 2019
“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 7 მარტის №4070/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი. პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან გამონაკლისი წესით - საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - ასისტენტ-პროფესორი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. რამდენიმე ხელმძღვანელის შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს კოორდინატორი პროგრამის ხელმძღვანელთა საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით. შესაბამისი ოქმი ინახება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.“.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი