დადგენილება №55/2017
17 მაისი, 2017
17 მაისი, 2017
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 8 მაისის №6765/10 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-6 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ ქვეყანაში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესით. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების თსუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით (მემორანდუმით) განსაზღვრული პირობებით.’’;
ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:„32. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სამეცნიერო-კვლევით კომპონენტზე დარეგისტრირებას, მშობლიურ უნივერსიტეტში ან უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესით.“;
გ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:„3. ფაკულტეტმა უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში წინა სემესტრების აკადემიური რეგისტრაცია (სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი), კრედიტების აღიარება და შეფასების ასახვა გაცვლით პროგრამაში მონაწილე იმ სტუდენტებისათვის, ვინც კვლევა წინა სემესტრებში განახორციელა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო ამავე სამეცნიერო კვლევის შედეგი წარადგინა მშობლიურ უნივერსიტეტში.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე. გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე